გიული ალასანია - მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის
გიული ალასანია - მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის

მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი უკვე დაწერილია.

„ველოდები ჩემი შვილის თანხმობას. აქამდე რაღაცის გამო თავს იკავებდა, ყველა არგუმენტი ჩემთვის არც არის ცნობილი. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს შვილს, ვფიქრობდი, მას უფრო აქვს ეს ხედვა. იურისპრუდენციასთან კავშირი არ მქონია, მართალი გითხრათ. ყველანაირი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი, სტრასბურგი როგორ მუშაობს, არ მქონია არანაირი შეხება. მე სულ მეჩქარება, რადგან ვხედავ, რომ ამ კლინიკაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მედპერსონალის მიმართ თითქოს საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უკან მიდის. მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩემი სურვილია, სადაც ჩემი შვილი უფრო უსაფრთხოდ იქნება, მინდა, იქ იყოს. საჩივარი დაწერილია, თვითონ ბატონი შალვაც მონაწილეობდა ამაში“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„ჩემი თვალით, უკან სვლაა, ამიტომ ვიბრძვი, როგორმე გადარჩეს. წონაზეც ვერ გეუბნებით ზუსტ პასუხს, ჩემი თანდასწრებით არასოდეს აუწონია ვინმეს, ვიგებ ირიბი გზებით. მე რასაც ვხედავ, ადამიანი ყოველდღე პატარავდება. რაც შეეხება პოლონელ ექიმებს, მე როგორ წარვადგენ, მე რა დონეზე ჩავერთო, არ ვიცნობ იმ ხალხს. არავის ჩემთვის არ უცნობებია, არაფერი ვიცი, არც ჩემი ინიციატივა ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, შედგა დემარში, ეს იყო 27 თებერვალი და ამას მოჰყვა ინფორმაცია, რომ უნდა ჩამოვიდნენ. მე იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ მქონია, მომმართეს, დამეწერა, რომ წინააღმდეგი არ ვარ. ეს განცხადება შევიტანე. პოლონელების სურვილი იყო ეს, 27 სახელმწიფომ მიმართა ერთ სახელმწიფოს. ეს სულ ასე იყო, ხან პრეზიდენტი ჩამოვიდა, ხან პრემიერმა მიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ზელენსკი აკეთებდა განცხადებებს უკრაინიდან. უშუალოდ მე არავისთან მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ალასანიამ.