გიული ალასანია - ინტერვიუში ქართველი არ იგულისხმება, ლაპარაკია უკრაინაზე, მიდიოდნენ, კაფე იქნებოდა თუ აეროპორტი, და აფრთხილებდნენ, რომ აუცილებლად ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში
გიული ალასანია - ინტერვიუში ქართველი არ იგულისხმება, ლაპარაკია უკრაინაზე, მიდიოდნენ, კაფე იქნებოდა თუ აეროპორტი, და აფრთხილებდნენ, რომ აუცილებლად ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში

ინტერვიუში არავითარი ქართველი არ იგულისხმება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამბობს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ალასანიას განცხადებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდნენ და აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში ოქტომბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. მისივე თქმით, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია.

„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოების მხრიდან, ვინ რა როგორ იგულისხმება. არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. ლაპარაკია უკრაინაზე, ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ – იქნებოდა ეს აეროპორტი, კაფე თუ ქუჩა – და აფრთხილებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს. მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და, ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ალასანიას ჰკითხეს, როგორი ფორმით მოხდა სააკაშვილის ინტერვიუს ჩაწერა, რაზეც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა:

„ჩემი მეშვეობით მოხდა ამ ინტერვიუს ჩაწერა, თვითონ წერს ამ წერილებს, მე უბრალოდ გადავბეჭდე და მივაწოდე. თქვენ არ მოისმინეთ ბოლო დაკითხვა ბრიტანელი ექსპერტის, რომელმაც დარბაზს მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ადამიანის საწყისი მდგომარეობა, მისი ინტელექტი იყო ძალიან მაღალი და იმასთან შედარებით ვეღარ არის ფორმაში, მაგრამ ბევრთან შედარებით უფრო მაღალია“.