გიული ალასანია - იცით, როგორ შრომობდა სააკაშვილი, ერთდროულად ათ საქმეს აკეთებდა და მეთერთმეტეზე ფიქრობდა, უცებ შეეცვალა ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი, ეს მდგომარეობაც კი ავად გაგხდის 
გიული ალასანია - იცით, როგორ შრომობდა სააკაშვილი, ერთდროულად ათ საქმეს აკეთებდა და მეთერთმეტეზე ფიქრობდა, უცებ შეეცვალა ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი, ეს მდგომარეობაც კი ავად გაგხდის 

მე არც მანამდე ვიყავი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით აღფრთოვანებული, მაგრამ დღეს აშკარად უარესად არის. სულ წოლა უნდოდა, თავბრუს ხვევა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „პატარა სივრცეშია გამოკეტილი“.

„გუშინ რაც მოხდა, გავიგეთ და როგორც ჩანს, მაგან დაამძიმა. განერვიულებულია და სისუსტე აშკარად არის გამოხატული. მეც არაერთხელ მითქვამს მისი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. საერთოდ, პატარა სივრცეში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც იცით, როგორ შრომობდა წლების მანძილზე, მე სხვა მისი მდგომარეობა არც მახსოვს, ერთდროულად 10 საქმეს აკეთებდა და კიდევ მეთერთმეტეზე ფიქრობდა, ასეთი ტემპი ჰქონდა ცხოვრების წესი და უცებ, სრულიად შეეცვალა ეს ცხოვრების წესი და არის გამოკეტილი. უბრალოდ ეს მდგომარეობაც კი გაგხდის ალბათ ავად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, გიული ალასანიამ განაცხადა:

„რა თქმა უნდა. მინდა, რომ გავიდეს აქედან, ამ მდგომარეობიდან გავიდეს. იცით, ეს შენობაც ხომ მისი აშენებულია, ის სასახლეც ხომ მისი აშენებულია, საერთოდ, საითაც არ უნდა გაიხედო, რასაც არ უნდა შეხედო, ხომ მისი გაკეთებულია?! ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც ხდება საერთოდ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში კანონიერი გზით შემოვიდა თუ არა, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა „ეს გზა არჩია“.

„კანონიერი გზით რომელი იქნებოდა, კაცმა არ იცის, რა მოჰყვებოდა იმ კანონიერი გზით შემოსვლას. შეიძლება, ბევრად უფრო უარესი შედეგი ყოფილიყო, მარტო მისთვის კი არა, ზოგადად საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, ეს გზა არჩია. მაგაზეც არ მილაპარაკია, ვიცი, რომ ეს მისთვის მტკივნეული თემაა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გატარდა, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

გუშინვე სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები არის სიცრუე, იგი შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული.