გიული ალასანია - ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, გორში რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის, არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა, ნერვიულობა, ვფიქრობ, ეს მედიკამენტოზურია
გიული ალასანია - ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, გორში რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა უკან მიდის, არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა, ნერვიულობა, ვფიქრობ, ეს მედიკამენტოზურია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემს შვილს არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა, ჩვეულებრივი ნერვიულობა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის მედიკამენტოზური, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რადგან, როგორც გიული ალასანია აცხადებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა უკეთესი იყო, თუმცა ახლა უკან მიდის.

„შენიშვნები მაქვს, მოგეხსენებათ, რომ ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ყველამ იცით. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ ნდობა არ მაქვს. აქ რომ გადმოიყვანეს, რამდენიმე დღე თითქოს უკეთესად იყო გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ვატყობ, ნელ-ნელა უკან მიდის, აშკარად. ექიმი არ ვარ, ანალიზებს არ გავცნობივარ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი.

იქამდე არაფერს არ იღებდა და ახლა არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ჩვეულებრივი ნერვიულობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არის მედიკამენტოზური, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება არ ვიცი. ჩამონათვალი, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, მე არ მნახავს. კოვიდი გადაიტანა, სუსტი რაღაც ჰქონდა. კოვიდის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ რომ გაისინჯა, იქ რაღაც დაუნიშნეს, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს. ხშირად ვიყავი კიევში და ვხედავდი აქტიურ ადამიანს, ახლა სულ სხვა სურათია. კითხვის ნიშნები მიჩნდება, არაფრის გარანტია არ მაქვს. ექიმების მიმართ კი არ მაქვს ნდობაზე საუბარი, ექიმები შეიძლება ძალიანაც კარგი არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი და უკაცრავად, არ მაქვს ნდობა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.