გიული ალასანია - ჩამოსვლის დღიდან სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, ელოდება მხოლოდ ცუდს, მადლობის მაგივრად ეს მიიღო
გიული ალასანია - ჩამოსვლის დღიდან სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, ელოდება მხოლოდ ცუდს, მადლობის მაგივრად ეს მიიღო

ჩამოსვლის დღიდან სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, კარგი არაფერი ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს, მადლობის მაგივრად ეს მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მითითებით და მისი იდეებით გაკეთდა ის, რითიც ქვეყანა გახდა მსოფლიოში ცნობილი და რომლითაც დღემდე ჯერ კიდევ ამაყობენ.

„რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ფიზიკურად. ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც უკან ამოიღო. რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, აი, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ხედავს, რომ თვალწინ ეღუპება პაციენტი. ჩამოსვლის დღიდან ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს და ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. სხვათა შორის, რითიც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითიც ამაყობდა, გახდა მსოფლიოში ცნობილი და რითიც დღემდე ჯერ კიდევ ამაყობენ, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში, მისი მითითებით და მისი იდეებით. მე ვხედავ, რომ ბევრისთვის, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაგები, ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. აქ ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, – პარტიაზეც ნაწყენი ხართ? – გიული ალასანია პასუხობს, რომ პარტიებად არ ყოფს საზოგადოებას.

„შიგადაშიგ ვისმენ ხოლმე რაღაცებს, რომ მისი მიმართულებით კეთდება განცხადებები. არ ვიცი, არ მაქვს იმის დრო და არც ფიზიკურად შემიძლია, რომ ყველასთან სათითაოდ ვარკვიო, ვინ რას აპირებს, მე ვხედავ შედეგს. ვამბობ მთლიანად ქვეყანაზე, რომელსაც ამდენი რამე გაუკეთა და მიიღო ეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კვების საკითხს, გიული ალასანია აღნიშნავს: „ბოლო ერთი კვირა შეამცირა რას ჰქვია? ეს არაზუსტი ინფორმაციაა, მე მომაქვს საკვები და ვუყურებ, რას ჭამს“.

ჟურნალისტებმა გიული ალასანიას ასევე კითხვა დაუსვეს სტრასბურგში სარჩელის შეტანასთან დკავშირებით, რაზეც გიული ალასანია პასუხობს: „დღეს როგორ გამოვა, მაგრამ ორშაბათს ნამდვილად ვაპირებთ“.

„ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.