გიული ალასანია - ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, მაგრამ სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ სააკაშვილის პატიმრობასთან, რაზეც ამერიკელმა ნევროლოგმა კვალიფიციური პასუხი გასცა
გიული ალასანია - ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, მაგრამ სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ სააკაშვილის პატიმრობასთან, რაზეც ამერიკელმა ნევროლოგმა კვალიფიციური პასუხი გასცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას კვალიფიციური პასუხი გასცა.

გიული ალასანიას თქმით, ნევროლოგს დიაგნოზში უწერია ყველაფერი, რაზეც დღეს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას ილაპარაკა.

„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ თავის დიაგნოზში უწერია. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალი არ იყო. რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია, ვიმეორებ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი. სტრესული აშლილობა დაკავშირებილია სწორედ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევებიც გვქონდა მითითებული, როდის შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება.

„მოთხოვნა არის მისი გადაყვანა. იმ პირობებში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის. ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ, ვის ხელშიც არის, ისინი არ უარყოფენ. გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია, ვიდრე შესვლის დროს იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.