გიული ალასანია - ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას
გიული ალასანია - ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას

უპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად და მძიმე მდგომარეობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ამას ყოველთვის რაღაც ბიძგი ჰქონდა.

„რომელი ექიმი მოწერს ამას ხელს, როცა ადამიანი ფეხზე ვერ დგება. 62 კილოა ადამიანი. აქვს 47 დიაგნოზი, აქედან სამი სერიოზული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მძიმე მეტალებით მოწამლული, რომლის ორგანიზმიდან გამოყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს საკითხი საერთოდ არც დასმულა, რომ საჭიროა, ამის გაკეთება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცურების შესახებ გავრცელებულ ამბებს მოჰყვა ეს შედეგი. როგორ გაგრძელდება არ ვიცი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი ემსახურება იმას, რომ მოკლან ჩემი შვილი. ბევრი ექიმიც ამბობს, რომ გვიკვირს, ამდენი ხანი ცოცხალი როგორ არისო.

დაუმძიმდა მდგომარეობა და ამას ყოველთვის რაღაც ბიძგი ჰქონდა. პროკურორები რომ შევარდნენ და მოინდომეს ავადმყოფი ადამიანისთვის ახალი საქმე წამოეწყოთ, ამის შედეგი იყო ყველაფერი და საერთოდ ვეღარ ჭამდა. განცხადება მარტო ამას ემსახურება, რომ ციხეში დააბრუნონ. მე დღეში ორჯერ მიქავს საჭმელი, რომელზეც ამბობენ, რომ არ მიმაქვს, თურმე მინდა, რომ მოვკლა ჩემი შვილი. მთელი სავსე ისპანახი და „ალაძიკები“ მივუტანე და ნახევარზე მეტი შეჭამა. მე ვერ გავიგე, სხვები როგორც იკვებებიან? დილით ჩაისთან ერთად რას ვჭამთ ხოლმე?! რატოა წარმოდგენილი ისე, რომ მოწამლული ადამიანი რამე განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს, არ მესმის. ხორცს ვერ ჭამს, სწორია, რადგან მოწამვლის გამო ვერ ჭამს. ეჯავრება, ვეღარ იტანს, საჭმელი არ გამაგონოო, რადგან მოწამლულია ადამიანი. თუ ვერ გამოვიდა ეს მძიმე მეტალები ორგანიზმიდან, როგორ უნდა ჭამოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კლინიკა „ვივამედმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. კლინიკა მიმართავს პენიტენციურ დაწესებულებას, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.