გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი შიშველი ხელებით გავიდა აქედან და გახდა ვიღაცების სარჩენი
გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი შიშველი ხელებით გავიდა აქედან და გახდა ვიღაცების სარჩენი

ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული პოლიტიკაში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „როგორც უკრაინის მოქალაქეს, სააკაშვილს არ აქვს უფლება, ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, თქვენ რას ურჩევთ“.

ამასთან, ალასანიას თქმით, სააკაშვილი იზოლაციაშია, რაც მისი უფლებების შელახვაა.

„როგორ უნდა ჩაერთოს, ჩართული არ არის? ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული. ამის გარეშე ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელია. ფაქტია, ყველანაირ იზოლაციაშია, ეს არის მისი უფლებების შელახვა. ყველაფრის ეშინიათ. ვფიქრობ, უბრალოდ, მისი არსებობის ეშინიათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე: „ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ცუდად ყოფნას პოლიტიკური ლიდერები თავიანთი პოლიტიკური კარიერისთვის იყენებენ“, ალასანიამ განაცხადა, რომ ამას თვითონ ვერ შეაფასებს.

„მაგას მე ვერ შევაფასებ. გააჩნია, ვინ პოლიტიკოსები. ვიღაც შეიძლება იყენებს, მაგრამ არის ოპოზიცია, რომელიც ძალიან ცდილობს და ყველაფერს აკეთებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიამ თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდაც გააკეთა კომენტარი.

„ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან, გახდა ვიღაცების სარჩენი და სად არის მაშინ, სად წავიდა ეს ყველაფერი. როგორ გეკადრებათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.