გიტანას ნაუსედა - ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სექტორულ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომელთა დაწესება შესაძლებლად მიმაჩნია
გიტანას ნაუსედა - ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სექტორულ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომელთა დაწესება შესაძლებლად მიმაჩნია

რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან სახეზეა და ვფიქრობ, ვიმყოფებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სახიფათო სიტუაციის პირისპირ. ვგულისხმობ არა მარტო უკრაინას, არამედ ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა რუსეთი აიძულონ, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე. როგორც გიტანას ნაუსედა ამბობს, პირველ რიგში, სექტორულ და ეკონომიკურ სანქციებზე უნდა ისაუბრონ.

„გუშინდელი წარმატებული დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია. დღეს რთული დღე იქნება და მსურს, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე. სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან სახეზეა და ვფიქრობ, ვიმყოფებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სახიფათო სიტუაციის პირისპირ. ვგულისხმობ არა მარტო უკრაინას, არამედ ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგს, მათ შორის ბალტიისპირეთის რეგიონს.

ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიცილოთ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, რაც საკმაოდ რეალურია, რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ინტერვენცია შესაძლებელია. ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა რუსეთი ვაიძულოთ, უარი თქვას საკუთარ აგრესიულ ქმედებებზე. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სექტორულ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომელთა დაწესება შესაძლებლად მიმაჩნია.

გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლო სცენარების შესახებ. ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ზომების დაწესების მხოლოდ ნაწილია, უნდა ვისაუბროთ ნატო-ს მხრიდან არსებულ ინსტრუმენტებზე, რომელიც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას წარმოადგენს. მსურს, აღვნიშნო, რომ ამ რთული გარემოს მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია ბელარუსის რუსეთის სამხედრო სისტემაში სრული ინტეგრაცია, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, ბელარუსის ტერიტორია პლაცდარმად გამოიყენოს მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასასხმელად და ზღუდავს ჩვენს დროს ამ შესაძლო სცენარზე რეაგირებისთვის.

ვფიქრობ ნატო-მ შესაბამისი თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავებისას იქ არსებული მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, გავლენა მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე და უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი ყველაზე პესიმისტურიდან ოპტიმისტურამდე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

დატოვე კომენტარი