გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის რეპარაციულ კრედიტთან დაკავშირებით ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, არავის შეუძლია ისეთი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა, როგორც ევროპას
ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციულ კრედიტთან დაკავშირებით, რადგან არავის შეუძლია ისეთი რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა, როგორც ევროპას, – ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტამდე განაცხადა.
რაც შეეხება ბელგიის შეშფოთებას რეპარაციულ კრედიტთან დაკავშირებით, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ლიეტუვა მზად არის, მონაწილეობა მიიღოს რისკების გაზიარების მექანიზმში.
„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რეპარაციულ კრედიტზე. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მომავალი ორი წლის პერსპექტივისთვის, რადგან მაკროფინანსური დახმარება, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება არის საკვანძო პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის და არავის შეუძლია ასეთი რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, როგორც ევროპას. ჩვენთვის, აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტში პრიორიტეტული იყოს აღმოსავლეთ საზღვრის, ევროკავშირის გარე საზღვრის გაძლიერება. რადგან ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ლიეტუვას ემუქრება საფრთხე მეზობელი ბელარუსიდან. ოქტომბრის დასაწყისიდან 600-მა საჰაერო ბუშტმა გადაკვეთა ჩვენი საზღვარი, 350 ავიარეისი გაუქმდა, ეს 50 ათასს მგზავრს შეეხო. ამ ბუშტებით მიყენებული რეპუტაციული და ეკონომიკური ზარალის გარდა, შესაძლოა, საქმე კონტრაბანდას ეხებოდეს. თუმცა ეს კონტრაბანდას არ ეხება, რადგან ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ ამ მოვლენის უკან ბელარუსის ხელისუფლება დგას. ეს მტკიცებულებები ნათელია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ტექნიკურად ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე, პოლიტიკურად ერთიანები ვართ და მე ვაფასებ ევროკომისიის და სხვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავუძლოთ ამ ზეწოლას არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მისი თანამოაზრე ბელარუსიდანაც“, – თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, სამიტზე განსახილველი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ევროკავშირის გაფართოება. როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა ენთუზიაზმით არის განწყობილი გაფართოების მიმართ. მან ამ პროცესში მოწინავე ქვეყნებად უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი დაასახელა. გიტანას ნაუსედამ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სამიზნე ვადად 2030 წელი დაასახელა, თუმცა, მისი თქმით, სამშვიდობო გეგმაში უფრო ოპტიმისტური პროგნოზიც განიხილება.