გიტანას ნაუსედა – შესანიშნავი ამბავი ლიეტუვისთვის, აშშ-ის ჯარები ჩვენს ქვეყანაში კვლავ დარჩებიან, მადლიერი ვართ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის

16:29, 22.09.2026

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დაადასტურა, რომ აშშ-ის ჯარების ახალი კონტინგენტი უკვე ლიეტუვაში მიემართება.

მისი თქმით, აშშ ლიეტუვაში ჯარისკაცების როტაციას გააგრძელებს და ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა არ შემცირდება.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, აღნიშნული არა მხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, ნაუსედას თქმით, ვაშინგტონის ნაბიჯით ნათელია, რომ ნატო მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

„შესანიშნავი ამბავი ლიეტუვისთვის – აშშ-ის ჯარები ჩვენს ქვეყანაში კვლავ დარჩებიან. ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლიეტუვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. აშშ-ის სამხედრო ყოფნა ლიეტუვაში შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილება, ჩვენ გვერდით იდგნენ, აგზავნის ნათელ გზავნილს, რომ ნატო მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, – განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპული უსაფრთხოების გარემო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერე და მოკავშირეთა თვალსაჩინო ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ეს კიდევ ერთი კონკრეტული დასტურია, რომ უფრო ძლიერი ევროპა და ამერიკული ერთგულება ევროპული უსაფრთხოების მიმართ, ერთმანეთს ავსებენ.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ჯარების რაოდენობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მაგრამ ის არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე წარსულში იყო.

ცნობისთვის, აშშ-ის ბატალიონები ლიეტუვაში 2019 წლიდან მოყოლებული როტაციას ახორციელებენ და მათი რაოდენობა მუდმივად 1000 ჯარისკაცამდეა.

მსგავსი