გიტანას ნაუსედა - გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში, დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას
გიტანას ნაუსედა - გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში, დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას

გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში და გახდეს ნატო-ს წევრი, აღარ არის დაპირებების გამეორების დრო, დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წევრობის პერსპექტივა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია, გმირულად ებრძვის რუსულ ურჩხულს.

„რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უფრო რთული ხდება ახალი ფაქტორებით, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორებიცაა, მაგალითად, ჩვენს სამეზობლოში „ვაგნერის“ პოტენციური გამოჩენა, ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება უნდა იყოს ალიანსის პრიორიტეტი და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევასრულოთ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები, უნდა დავამტკიცოთ თავდაცვის ახალი გეგმა ვილნიუსში. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და ერთად გავიზარდოთ. მოკავშირეების ერთიანობის დემონსტრაციაა მისწრაფება იმისკენ, რომ მთლიანი შიდა პროცენტის 2 პროცენტი გამოყოფილ იქნას ნატო-სთვის. ჩვენ რუსეთს მცირედი მიზეზიც კი არ უნდა მივცეთ, რათა ჩვენი ერთიანობა დატესტოს.

სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. ყველას გვესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამომავლო სამხედრო დახმარებაზე მისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ჩვენ ასევე გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში და გახდეს ნატო-ს წევრი. აღარ არის დაპირებების გამეორების დრო. დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა შეთანხმებისა, და ამით ძლიერი სიგნალი უნდა გავუზავნოთ უკრაინას. წევრობის პერსპექტივა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია, გმირულად ებრძვის რუსულ ურჩხულს. ვილნიუსი უნდა იყოს ის ადგილი, საიდანაც უკრაინელი ხალხი კარგ ამბებს გაიგებს. მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ნატო ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.