გიტანას ნაუსედა - გვჭირდება ნათელი გზავნილი, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რეალურად შესაძლებელია, როცა შესაბამისი პირობები იქნება
გიტანას ნაუსედა - გვჭირდება ნათელი გზავნილი, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რეალურად შესაძლებელია, როცა შესაბამისი პირობები იქნება

MAP-ის გარეშე გაწევრიანება ძალიან პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან ნათელი გზავნილი, რომ რეალურად შესაძლებელია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სპეციფიკური გზავნილი სჭირდება.

„უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი არმიაა, რადგან მათ გამოცდილება მიიღეს რეალურ პირობებში და ბრძოლა სახელმძღვანელოებიდან არ უსწავლიათ. ეს არის ერი, არმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ არა მხოლოდ აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ მათი ბრძოლით, არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ავამაღლოთ მათი საბრძოლო სულისკვეთება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. ამ თვალსაზრისით, რეფორმების შეფასება, ამ გზაზე პროგრესის მუდმივი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზულად ვუყურებთ უკრაინის გაწევრიანების პროცესს და გვჯერა, რომ ეს პროცესი დროში არ უნდა იყოს გაწელილი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.