გიტანას ნაუსედა - ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგი, მაგრამ არასაკმარისია, მომდევნო პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს
გიტანას ნაუსედა - ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგი, მაგრამ არასაკმარისია, მომდევნო პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი არასაკმარისია, მომდევნო უფრო მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, „პუტინზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი არ არის ამოწურული“. მისი თქმით, ეს ბერკეტები „გაცილებით თამამად და თანმიმდევრულად შეიძლებოდა გამოყენებულიყო“.

„ერთი-ორი სახელმწიფოს გარდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ამიტომ ჩვენ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-18 პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებას. ვთვლი, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი უნდა იყოს მაქსიმალურად პრინციპული და არ არის აუცილებელი, შეესაბამებოდეს იმ ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის მიმართ შეზღუდვებს.

„სანქციების ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობისა და გაზის ყველა ძირითად მიმღებს – Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ს, ასევე ყველა რუსული ბანკი უნდა ამოირიცხოს SWIFT-ის პროგრამიდან“, – განაცხადა ნაუსედამ.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების გამოყენება.

„ვაცნობიერებ, რომ ეს კვლავ წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფოების გარკვეულ ინტერესებთან, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა ჩვენი, ყველას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია“, – განაცხადა ნაუსედამ.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.