გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისას მოკავშირეებმა ყველა წითელი ხაზი უნდა გადაკვეთონ და კიევს ყველა აუცილებელი შეიარაღება მიაწოდონ
გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისას მოკავშირეებმა ყველა წითელი ხაზი უნდა გადაკვეთონ და კიევს ყველა აუცილებელი შეიარაღება მიაწოდონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისას მოკავშირეებმა ყველა წითელი ხაზი უნდა გადაკვეთონ და კიევს ყველა აუცილებელი შეიარაღება მიაწოდონ. ამის შესახებ ნაუსედამ გერმანულ გამოცემა შპიგელთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ ყველა წითელი ხაზი უნდა გადავკვეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს ვკარგავთ. ყოველდღიურად ადამიანებს აწამებენ და კლავენ. ბავშვების დეპორტაცია ჩვეული საქმე გახდა ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვა. ჩვენ დავკარგეთ დრო იმის გამო, რომ დიდ ხანს ვყოყმანობდით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას. საბოლოოდ, ჩვენ მაინც მივედით ასეთგადაწყვეტილებებამდე, თუმცა გვიან და ძალიან დიდ ფასად. უფრო მტკიცე უნდა ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს ძალიან საშიშ აგრესორთან, რომელმაც საზღვრები არ იცის. ნუ გაქვთ იმედი, რომ ის ოდესმე გაჩერდება – თუ ის შეძლებს, ის ყოველთვის გააგრძელებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას, ლიეტუვის ლიდერმა დადებითად უპასუხა.

„დიახ, ზოგიერთი ქვეყანა უკვე აწვდის თვითმფრინავების სხვა ტიპებს. საჰაერო სივრცე ამ ომში მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი ეფექტიანად დაცვისთვის საჭიროა თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, გერმანიაში უკრაინის დახმარების საკითხის გადააზრება მოხდა, რის შემდეგაც სხვა ქვეყნებიც გააქტიურდნენ.

„მრავალი წითელი ხაზი, რომელიც თავად გავავლეთ, გადაიკვეთა. გერმანიის გადაწყვეტილება არის პოზიტიური გზავნილი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატო-ში ყველა სხვა მოკავშირისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.