გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, დანიის პრემიერს კი არ სურს, მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს

22:55, 10.11.2026

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროპა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს, თუმცა მანამდე ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ბლოკს აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილიც აქვს და ამის შესაძლებლობაც, რადგან მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მათ შორის ლიეტუვისთვის.

„მანამდე უნდა შევთანხმდეთ – და ეს საკმაოდ სწრაფად უნდა გავაკეთოთ – ვინ წარმოადგენს ევროპას და რა პრინციპებით“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლების მუდმივმა ცვლილებამ, შესაძლოა, მეორე მხარეს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირს მკაფიო და მტკიცე პოზიცია არ აქვს. ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა წინასწარ უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეარჩევს პირს, რომელსაც ბლოკის სახელით საუბრის მანდატი ექნება.

ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ არ სურს, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს.

მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირს მოუწოდა, განიხილოს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და რა მანდატით. მელონის თქმით, არსებული მიდგომა, როდესაც ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა მომლაპარაკებელი სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენს, ევროკავშირის ავტორიტეტს აზიანებს.

მსგავსი