„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება
„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება

„გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ასევე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებები შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას, რაც გაცილებით მკაცრად დაისჯება.

„წარსულის გააზრებას მაშინ აქვს აზრი, თუ სამომავლო პრევენციისთვის სწორ ნორმებს დადებ და ჩვენ ამას ვაპირებთ. კანონს ორი ახალი მუხლიც ემატება. ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ მართლმსაჯულებაში ხელის შეშლა დაისაჯოს უფრო მკაცრად, ვიდრე აქამდე იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც კანონში შედის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ცვლილებები არის ერთგვარი პრევენცია მაღალი თანამდებობის მოხელეების მიერ დანაშაულის ჩადების თავიდან ასაცილებლად. „თუ მაინც იქნება ჩადენილი ამ კატეგორიის დანაშაულები, სახელმწიფოს მკაცრი და შეუვალი გადაწყვეტილება მიიღება, რა თქმა უნდა, პროკურატურის მხრიდანაც“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

პარლამენტში „გირგვლიანის შესწორებების“ თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.