„გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
„გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

„გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, – ამის შესხებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – განაცხადეს შსს-ში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ გეგმავს.

შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.