„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ წარსულში იარაღის ტარების უფლების მქონე პირებს ეს უფლება კვლავ აღუდგეთ
„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ წარსულში იარაღის ტარების უფლების მქონე პირებს ეს უფლება კვლავ აღუდგეთ

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში იარაღის ტარების უფლება აღუდგეთ პირებს, ვისაც წარსულში იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, მათ მიერ მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების გაგრძელებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომაც.

ხვიჩიას თქმით, ბოლო პერიოდში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ ყველას ესმის, რა საფრთხის წინაშეა მთელი მსოფლიო და საქართველოშიც იგივე შემთხვევა რომ მოხდეს, ქვეყნის მთავრობას არ აქვს არც გაქცევის გეგმა, არც იმის გეგმა, როგორ გარბიან ადამიანები და არც ბრძოლის გეგმა, როგორ იბრძვიან.

„ასეთ დროს აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ადამიანებს სულ მცირე თავდაცვის საშუალება მივცეთ, რომ თავად როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ და ამისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ. თუ უკრაინის წარმატება რამეში მდგომარეობს, არის იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება, ყველა მისი მტერი იყოს. არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტებაა ის, როცა არ იცი, რა უნდა გააკეთო, არანაირი გეგმა არ გაქვს და ადამიანებს უკრძალავ იარაღის ტარებას, გამოყენებას, სწავლას და ა.შ. ეს უნდა შეუცვალოთ და მტერთან ომის პერიოდში მთავარი დასაყრდენი ძალა უნდა იყოს ჩვეულებრივი ხალხი და არა – ჩვენი სამხედრო შეიარაღება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ხალხს, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, აღდგეს. ესენი არიან – სამხედრო ვეტერანები, ყოფილი პოლიციელები, ყოფილი მოსამართლეები, გამომძიებლები და სახელმწიფო დაცვის წევრები. მათ ამ იარაღით არაფერი ჩაუდენიათ და დადასტურებულად ვიცით, რომ ამ ხალხზე იარაღი ინდობა. გვინდა, ამ კანონპროექტით ამ ადამიანებს აღუდგეთ ან დაუბრუნდეთ ის უფლება, რაც ჰქონდათ. ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ჩვეულებრივი ხალხის შეიარაღება, რადგან არავის იმედად, არც ერთი ტანკის, არც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის და იმ რწმენის იმედად, რომ ამ საზოგადოებაში შემოსვლა არ ღირს არავის მიერ, რადგან ყველა შეიარაღებულია და სამთავრობო ჯარებს რომც მოერიო, შეიძლება, პრობლემა შეგექმნას უბრალო მოსახლეობაში. ასეთი მიდგომისკენ ამ კანონპროექტით პირველ ნაბიჯს ვდგამთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.