„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივით, ციხიდან უნდა გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც კონფიდენტის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს
„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივით, ციხიდან უნდა გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც კონფიდენტის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, ციხიდან ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, რომლებიც ციხეში სხედან კონფიდენტის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკების ამოღების პროცესში მხოლოდ პოლიციელები მონაწილეობდნენ და საქმეში არ არსებობს არც ვიდეოკამერა და არც სხვა ჩანაწერები.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“ ფაქტი, ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა დადგენილიყო სტანდარტი, რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს უნდა შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება, მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და ამოღება, სადაც ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკების საფუძველზე და ამ ჩხრეკა-ამოღებას ესწრებიან მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არც ერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული. „ბირჟა მაფიას“ საქმეზე დაკავებული ხალხი სხვა პოლიტიკური პროცესების შედეგად გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ ის ხალხი, რომელიც იდენტური მტკიცებულებებით ციხეში სხედან, უნდა გამოსულიყვნენ ციხიდან, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით, საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განმარტეს ისე, რომ ციხეში რომ მსხდარიყვნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები, ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ“, – აღნიშნავს ხვიჩია.

დეპუტატი განმარტავს, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში, კანონის უკუქცევითი პრინციპიდან გამომდინარე უნდა გათავისუფლდნენ.

„ვთხოვთ, საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში მყოფი შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან. ცვლილებების საფუძველზე გადაისინჯება კონკრეტული საქმეები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული პოლიციელების ჩვენების საფუძველზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.