„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
შსს-ს წარმომადგენელი გელა ხასაიას ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის შეკითხვებს აპროტესტებდა, რომელსაც დამცველი მოწმე პოლიციელებს უსვამდა.
ადვოკატსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც სიტყვიერი შელაპარაკება იყო. ადვოკატმა მოსამართლე მოწმე პოლიციელის მიმართ მიმანიშნებელ მოწოდებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ კი ადვოკატი, რეპლიკების და ხმამაღალი საუბრის ტონის საფუძვლით, 100 ლარით დააჯარიმა.
დღევანდელ სხდომაზე შსს-ს და დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხა.
როგორც პოლიციელმა, ნიკა გოგიამ განაცხადა, გელა ხასაიამ 2024 წლის 4 დეკემბერს შარაშიძის ქუჩაზე, „დროას“ ოფისთან პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელი შეუშალა, გარდა ამისა, „დროას“ ოფისის წინ ხასაია გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. მოწმის თქმით, გელა ხასაია ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელის შეშლის გამო არ დაუკავებიათ, რადგან არ უნდოდათ ვითარების დაძაბვა.
მას მხოლოდ გზის გადაკეტვაში და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედავებიან.
გელა ხასაია შსს-ს ბრალდებას არ დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, მოწმე პოლიციელებმა ცრუ ჩვენება მისცეს.
გელა ხასაიას ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, გელა ხასაიას თუ გზის გადაკეტვასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან, მისი ქმედება 174-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინათ და არა 173-ე მუხლით. ამასთან ადვოკატის განმარტებით, გელა ხასაია სამანქანო მოძრაობას არ კეტავდა, შარაშიძის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ჩიხია და მანქანებს გადაადგილება შეეძლოთ. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გელა ხასაია სოციალური მედიის მენეჯერია, საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში იყო და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ ვიდეომტკიცებულებები და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ადვოკატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში სადავოდ გახადა და განმარტა, რომ გელა ხასაიას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რასაც ვიდეომტკიცებულებაც ადასტურებს.
შსს-ს წარმომადგენელი ადვოკატის პოზიციას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გელა ხასაიას მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობას მტკიცებულებები ადასტურებს.