„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი დალუქულ ბართან მყოფ სამართალდამცველებთან ტორტის ნაჭრით მივიდა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი დალუქულ ბართან მყოფ სამართალდამცველებთან ტორტის ნაჭრით მივიდა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მუსიაშვილი დალუქულ ბართან მყოფ სამართალდამცველებთან ტორტის ნაჭრით მივიდა.

ნიკა მუსიაშვილი ზურაბ ჯაფარიძის ბარის დალუქვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას და მისი პარტიის წევრებს ბარში არ უშვებენ.

„დღეს პატივცემულებთან ხილის ტორტით მოვედი, რადგან შიგნით ჩაგვიკეტეს და დაგვილუქეს, იქ გვქონდა ტორტი. იქნებ, ასე მაინც მოვთაფლო ამ წითელგულებიანი ტორტით. ვეპატიჟები ყველას. მე ვარღვევ ხოლმე კომენდანტს, ჩემთვის ის არ არსებობს. ბევრჯერ გავაპროტესტე დემონსტრაციულად. ახლა ტორტი მოვიტანე, უკვე სისხლის სამართლის საქმეა და ტორტის გამო ხომ არ დამიჭერენ, სირცხვილია. არ ვიცი, როდის მოგვცემენ ​ბარში შესვლას უფლებას. ალბათ, სანამ კორონა არ წავა და მზე დასავლეთიდან არ ამოვა. დავალება აქვთ ასეთი. მეპატრონე უნდა დაისაჯოს, ესე იგი და ზურას იქ არ უშვებენ. ვნახოთ, რა იქნება. იქნებ, მობეზრდეთ და წავიდნენ“, – განაცხადა ნიკა მუსიაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი განახორციელა. ჯაფარიძე უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი განმეორებით გახსნა. ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. მოგვიანებით, ბარში მივიდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და ბარი დალუქეს. შსს-ში განმარტავენ, რომ განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი