„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პერფორმანსი მოაწყვეს
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პერფორმანსი მოაწყვეს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ პერფორმანსი გამართეს.

მათ მოდულის შენობასთან გაშალეს მაგიდა, რომელსაც სიტყვა რევოლუცია ეწერა და ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით რევოლუციასა და მის ფორმებზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ამ ფორმით გამოეხმაურნენ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები ვრცელდება.

„დღეს ვართ აქ იმისთვის, გავაკეთოთ ის, რაც აგვიკრძალა სუს-მა, რომ ვისაუბროთ რევოლუციაზე „ფეისბუქში“. ჩემი აზრით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა რევოლუცია და მითუმეტეს ამაზე მსჯელობის, დაპოსტვის და ფიქრის გამო რომ ახლა გვემუქრებიან, ვინმეს დაიჭერენ, ეს თუ წარმოუდგენიათ, ჩემთვის არის ადამიანის შეურაცხყოფა.

მიმაჩნია, რომ ჩემი ბუნებრივი უფლებები ირღვევა და მე მაქვს სრული უფლება, ვიფიქრო, როგორ შეიძლება, სისტემას შევეწინააღმდეგო. მოვედი მათ წინაშე, ვინც ამაზე ფიქრი დაგვიშალა, საერთოდ ესენი ყველაზე კარგი მსმენელები არიან და ვსაუბრობ რევოლუციის შესახებ. გვაქვს რევოლუციის უფლება და ჩემი აზრით, შეგვიძლია მოვახდინოთ მათ შორის პიკეტირება ინსტიტუტების, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ართულებს.

რევოლუცია შეიძლება იყოს მშვიდობიანიც და არა მშვიდობიანიც. მაჰათმა განდმა მოაწყო მშვიდობიანი რევოლუცია. წარმოიდგინეთ, მაჰათმა განდს რომ დაეპოსტა, დღეს, მეგობრებო, მშვიდობიანი მარში მოვაწყოთ და გადავატრიალოთ ბრიტანული ეს ხელისუფლება, შეიძლება, დაეჭირათ და სუს-ი დღეს ასე იქცევა“, –  განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

პერფორმანსის დასასრულს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის ეზოში ტუალეტის ქაღალდის რულონები ისროლეს, რის გამოც პოლიციამ თავდაპირველად მათ მიმართა, რულონები აეღოთ, უარის შემდეგ კი, ორივე მათგანი მუნიციპალური ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით დააჯარიმა.

„ისეთი სუნი გამოდის ამ შენობიდან, რომ მგონია, პირველ რიგში იქ სჭირდებოდათ და რისი საშუალებაც გვქონდა, მივეცით. მათ ჰიგიენაზე ვიზრუნეთ და ზრუნვის გამო ადამიანებს არ უნდა აჯარიმებდნენ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბორის ყურუამ.