„გირჩი“ განათლების ალტერნატიული მოდელის შექმნაზე მუშაობს
„გირჩი“ განათლების ალტერნატიული მოდელის შექმნაზე მუშაობს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ განათლების ალტერნატიული მოდელის შემუშავებას გეგმავს, სამომავლოდ კი, შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების შექმნასაც აპირებს.

„გირჩის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამ თემაზე დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრემიერისა და განათლების მინისტრის ახალ ინიციატივებს წყალი  უწოდა.

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს განათლების სისტემას უნდობლობას უცხადებს.

„ქვეყანაში ამ სფეროში არის ყველაზე კრიტიკული პრობლემები. განათლება არის სფერო, რომელშიც ვხარჯავთ მილიარდებს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ეს მილიარდები ემსახურება იმას, რომ ვღუპავთ საკუთარ შვილებს. განათლების სისტემამ გაანადგურა თაობები ამ ქვეყანაში. ეს არის სისტემა, სადაც ბავშვები მოქცეულნი არიან პრაქტიკულად ციხეში. მშობელთა ნაწილი კერძო სკოლებს მიმართავს, თუმცა ეს სკოლებიც რეგულაციების გამო, არსებული სისტემის გაგრძელებაა. ჩვენ გვყავს შვილები,  მე მყავს შვილი, რომელიც ხდება ხუთი წლის და მინდოდა წამეყვანა სკოლაში, თუმცა სახელმწიფო არ მაძლევს საშუალებას, ხუთი წლის წავიყვანო სკოლაში. არ ვაპირებ ამ სკოლაში შევიყვანო. ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელი აქვს „თავისუფალი განათლება“. შევქმნით არსებული განათლების სისტემის ალტერნატიულ სისტემა. ეს იქნება სისტემა, სადაც შვილებს მოიყვანენ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ,  რა მავნებლურია არსებული განათლების სისტემა. ამის მიზანია არა მარტო განათლების ალტერნატიული მოდელის შექმნა, არამედ განათლების გათავისუფლება სახელმწიფო მარწუხებისგან“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.