გიორგიოს ცაველასი - ბათუმში რომ არ მოგვეგო, ჯგუფიდან ვერ გავიდოდით #1TVSPORT
გიორგიოს ცაველასი - ბათუმში რომ არ მოგვეგო, ჯგუფიდან ვერ გავიდოდით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან მოგებული (0:2) მატჩის შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგიოს ცაველასმა ამ მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრამდე უჩვეულო დატვირთვები ჰქონდათ.

„საქართველოს ნაკრებთან დაძაბული მატჩის ასეთი დასასრული სანატრელი იყო. ჯგუფში ახლა ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ბათუმში ვერ გავიმარჯვებდით, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა. ნაკრებში გამოსვლების პერიოდში ეს კვირა იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე მინახავს. ასეთი დატვირთული, მაგრამ ამავე დროს, ემოციური ვარჯიშები არ მახსენდება“, – განაცხადა გიორგიოს ცაველასმა.

მან ეს გამარჯვება საბერძნეთის ნაკრების იმ ლიდერთა სამეულს მიუძღვნა, რომლებმაც შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვეს – ბათუმში ბერძნებს ვერ ეხმარებოდნენ ცენტრალური ნახევარმცველები კარლოს ზეკა („კოპენჰაგენი“, ჯვარედინი იოგები დაუწყდა), კონსტანტინოს გალანოპულოსი (ათენის აეკ-ი, მუხლის ოპერაცია გაიკეთა) და დიმიტრიოს კურბელისი („პანათინაიკოსის“ კაპიტანი).

„ახლა ჩვენ შვედეთში უნდა გავაკეთოთ ის, რაც წინა წლებში გავაკეთეთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. წინა წლებში ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ მათთან არ ვაგებთ. მაგრამ ბოლო მატჩებში ჩვენ მუდმივად წამყვან მოთამაშეებს ვკარგავთ. ახლაც ბევრი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ეს ბიჭები და მათი ტკივილი ჩვენს გონებაშია. ისინი ჩვენ გვერდით არიან, ჩვენ კი ყოველთვის ერთიანები ვართ და მათ დაბრუნებას ველოდებით. საქართველოსთან გამარჯვებაც მათ მივუძღვენით“, – ამბობს ცაველასი.