გიორგი ზურაბიშვილი - როგორც ჩანს, სახელმწიფოში ხვდებიან, რომ დასჯითა და მკაცრი ნარკოპოლიტიკით მოხმარება არ მცირდება
გიორგი ზურაბიშვილი - როგორც ჩანს, სახელმწიფოში ხვდებიან, რომ დასჯითა და მკაცრი ნარკოპოლიტიკით მოხმარება არ მცირდება

როგორც ჩანს, სახელმწიფოში ხვდებიან, რომ დასჯითა და მკაცრი ნარკოპოლიტიკით მოხმარება არ მცირდება და ფინანსებისა და რესურსების სხვა სფეროებში გადანაწილებაა საჭირო, – ამის შესახებ პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამოხატულმა პროტესტებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პროტესტს აზრი აქვს, რადგან ამან სახელმწიფოს რეაქცია გამოიწვია და მიხარია, რომ სახელმწიფოს მიერ სწორი პრიორიტეტების დასმა ხდება. სწორი და მისასალმებელია საკითხის განხილვა, რომ სპორტში მეტი რესურსი დაიხარჯოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა ძალიან მწვავედ აღიქვა ფაქტი, როცა კლუბებში სპეცრაზმი შევარდა. 

„ჩვენთან კლუბური სამყარო მხოლოდ გართობა არ არის. ის ძალიან ხშირად კარგი სოციალური ცვლილებების მამოძრავებელია; ძალიან ბევრმა ამის მეშვეობით დაარღვია დამკვიდრებული არასწორი სტიგმა, რომელიც მანამდე ჰქონდა, სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კლუბებში ერთად გაერთონ; ეს რაღაც კედლები სწორედ კლუბების მეშვეობით დაინგრა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მათზე დარტყმა სწორედ ამ ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლად აღიქვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პროტესტი არა აგრესიით, არამედ ცეკვით გამოიხატა და აქციის მონაწილეებმა სამყაროს თავი ცეკვით მოაწონეს.

პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა ერთმანეთს პატივი სცენ და ერთმანეთთან ხიდები არ ჩატეხონ.