გიორგი ზურაბიშვილი - ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული მეგობრის მხარდამჭერი პოსტის გამო მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, მეც მეგობრის გვერდით აღმოვჩნდებოდი
გიორგი ზურაბიშვილი - ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული მეგობრის მხარდამჭერი პოსტის გამო მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, მეც მეგობრის გვერდით აღმოვჩნდებოდი

მეგობრის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყალბი ექაუნთებიდან ანონიმური წერილები მივიღე, სადაც მემუქრებოდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მწერდნენ, რომ თუ საუბარს გავაგრძელებდი, მეც იმ ადამიანების გვერდით აღმოვჩნდებოდი, ვისაც მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მწერდნენ, რომ მე ვარ ბარიგების დამცველი და ა.შ. თავიდან საბჭოთა ოპერმუშაკულ სტილში იყო მინიშნებები, რომ ისინი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ და თუ ამ ყველაფერს გავაგრძელებდი, სტრუქტურის გემოს გავიგებდი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როცა ანონიმური წერილების ავტორებმა ნახეს, რომ მუქარა არ მოქმედებდა, ტაქტიკა შეცვალეს და დაიწყეს საუბარი, რომ პოლიციელები კი არ იყვნენ, არამედ ვიღაც ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ხუმრობენ.

„რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა, როცა ადამიანები არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ და მათზე ყალბი ექაუნთებით თავდასხმები ორგანიზებულად ხორციელდებოდა. მე ეჭვი მაქვს და თუ მართალი არ ვარ, მაშინ იპოვონ ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. სხვა არგუმენტი არ მიიღება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ტერმინოლოგია, რომელსაც მუქარის ავტორები იყენებენ, აბსოლუტურად სამარცხვინოა და დადებითად არანაირად არ მოქმედებს ძალოვანი სტრუქტურების დღევანდელ იმიჯზე, რომლის გამოსწორება ასე ძალიან უნდათ.

„ძალიან ხშირად გვესმის შს მინისტრისგან გაკვირვებული გამონათქვამები, რომ საზოგადოებას პოლიციის მიმართ ნდობა არ აქვს და მოქალაქეები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ. სანამ პოლიცია მოსახლეობას ამ საბჭოთა ოპერმუშაკული ენით ესაუბრება, მანამ, რა თქმა უნდა, ნდობა არ იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იურისტებთან ერთად ის სარჩელს ამზადებს, რომელსაც შესაბამის უწყებაში შეიტანს.

„პარალელურად, გენინსპექციიდან დამიკავშირდნენ, სადაც ხვალ უნდა მივიდე. მზად ვარ, ნებისმიერ სტრუქტურასთან ვითანამშრომლო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის სპორტული ჟურნალისტია, საჯაროდ ჩანს და ასე თუ ისე ცნობილი ადამიანია. ამიტომ, მის მიმართ განხორციელებული მუქარა შედეგს ნაკლებად გამოიღებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი ნაცნობი, მეგობარი არ ჰყავთ და შესაძლოა, მათთვის ასეთი მუქარა ძალიან დამთრგუნველი იყოს, რაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.