გიორგი ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გეგმა სისტემური იყოს, ზუსტად გაიწეროს და შემდეგ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს
გიორგი ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გეგმა სისტემური იყოს, ზუსტად გაიწეროს და შემდეგ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გეგმა სისტემური იყოს, აქცენტი გრძელვადიან პერსპექტივაზე გაკეთდეს, ყველაფერი ზუსტად გაიწეროს და შემდეგ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს, თუ სად როგორ მოხდება თანხების გადანაწილება,- განაცხადა პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

“პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს, სხვანაირად შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სპორტს ძალიან ბევრი კარგი სოციალური შედეგი აქვს და სპორტსმენების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან ხშირად აქტიურობენ ხოლმე მორაგბეები და აპროტესტებენ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. სპორტული საზოგადოების სხვა მისაბაძი ადამიანებიც ასევე ცდილობენ, საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალონ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში აღარ არსებობს ბევრი კოლორიტული და კარგი სპორტული სტადიონი, ისტორიული ველოდრომი, რომელიც გაპარტახებულია, ველოტრეკი, ისტორიული ფალავანთა დარბაზი, ორთაჭალის საცურაო აუზი, ლაგუნა ვერე, ირაოს სტადიონი ვაკეში და ა.შ. 

„ეს ადგილები ქალაქის სულია და მათ ძალიან დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანები იქ დილით ადრე გადიოდნენ, ასაკოვანი ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესაუბრებოდნენ, მეგობრობდნენ და ა.შ. როცა ქალაქიდან ასეთი ადგილები ქრება, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს, რადგან ადამიანებს, რომლებიც სპორტითა და ურთიერთობებით იყვნენ დაკავებული, სხვა რამით დაკავების ინტერესი უჩნდებათ. ძალიან მნშვნელოვანია, ქალაქში ასეთი ადგილების რაოდენობა კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ისლანდიის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობამ ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მაჩვენებელი სპორტის მიმართულების განვითარებით შეამცირა.

„მაგალითად, პირადად მე და სპორტული მიმართულება დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობთ, რომელიც ისლანდიის თემას ეხება. ისლანდია ბოლო პერიოდში ფეხბურთში ძალიან წარმატებული გახდა და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ამ ქვეყნით სწორედ ამიტომ დავინტერესდით და როცა ჩავეძიეთ, საკითხი გაცილებით ღრმა და საინტერესო აღმოჩნდა.

90-იან წლებში, ისლანდიაში ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, რის საპასუხოდაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, სპორტში ძალიან დიდი თანხები ჩაედო. ეს ინფრასტრუქტურის, სამოყვარულო სპორტის განვითარებას და მწვრთნელების გადამზადება მოიცავდა.

საბოლოოდ, ათი წლის შემდეგ ალკოჰოლიზმისა და ნარკომოხმარების ვარდნა 7%-ით მოხდა, ქვეყანამ სერიოზული სპორტული შედეგი დადო და ჯანდაცვაში ძალიან დიდი თანხა დაიზოგა, რადგან საზოგადოება ჯანმრთელი გახდა“, – განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.