გიორგი ზურაბიშვილი - ირლანდიის სენატის რეზოლუცია საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
გიორგი ზურაბიშვილი - ირლანდიის სენატის რეზოლუცია საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია

საპარლამენტო ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ირლანდიასთან თანამშრომლობა,  – ამის შესახებ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნოემბერში ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

„მინდა გითხრათ, რომ მასში ძალიან ძლიერი გზავნილებია რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ძალიან ძლიერი გზავნილები არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში, სადაც რეკომენდაციით მიმართავს სენატი ირლანდიის მთავრობას, შეუერთდეს სასანქციო სიას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, რეზოლუციაში ცალკე თავი ეთმობა რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს.

„მიესალმებიან ამ რეფორმებს და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ელჩმა.

გიორგი ზურაბიშვილი თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“-ში მონაწილეობს.

ირლანდიის სენატმა ნოემბერში ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“.