გიორგი ზერეკიძე - მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და ნინო კალანდაძე ცდილობდნენ ჩემგან დამნაშავის ხატის შექმნას, უნდოდათ, სამაგალითოდ დავსიჯილიყავი
გიორგი ზერეკიძე - მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და ნინო კალანდაძე ცდილობდნენ ჩემგან დამნაშავის ხატის შექმნას, უნდოდათ, სამაგალითოდ დავსიჯილიყავი

შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხართ, მაგრამ საფრთხე არის, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა, – ამის შესახებ თელავის თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გიორგი ზერეკიძემ განაცხადა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლის ასაკში დააკავეს და 2010 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რადგან შესაძლოა, ხელისუფლებაში ძალმომრეობითა და რევანშით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს.

„აქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა ჩემზე უფროსები ბრძანდებით და ძალიან კარგად იცით თავისუფლების ფასი, ძალიან კარგად აფასებთ იმ სამწუხარო რეალობას, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ, რადგან შესაძლოა, ძალმომრეობით და რევანშით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს.

მოგიყვებით ჩემი ოჯახის ტრაგედიას, როდესაც ვიყავი 14 წლის და მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩემი პირველი შეხება. ამ ასაკში დაუფიქრებლად, რაზედაც თქვენ წინაშე შემიძლია ბოდიში მოვიხადო, დავაშავე, ეს იყო დანაშაული, მაგრამ წვრილმანი დანაშაული – დაზარალებულს 15 წუთიც არ გაუტარებია საავადმყოფოში, ჰქონდა სხეულზე ნაკაწრი, მაგრამ დამაბრალეს ყაჩაღობა, ვითომ ვძალავდი ფულს და რომ არ მომცა ფული, თითქოს გადავწყვიტე მისი მოკვლა და მომისაჯეს 14 წლის ბავშვს 10 წელი. როდესაც ამას ოჯახი აპროტესტებდა, ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული – მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნინო კალანდაძე ცდილობდნენ ჩემგან დამნაშავის ხატის შექმნას და უნდოდათ, სამაგალითოდ დავსჯილიყავი და ასეც მოხდა.

ნინო კალანდაძემ, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თავის მეგობარს და ჩემს მეგობარს უთხრა, საერთოდ არ ვიცნობდი გიორგისო. როდესაც ვანო მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ გამოუგზავნიდა მესიჯბოქსს „ესემესად“, უნდა მიეცა ტელევიზიებისთვის ინტერვიუ და ეთქვა, თურმე როგორი კრიმინალი ვყოფილვარ“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

მისივე თქმით, სასჯელის დამთავრების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების დროს ისევ დააკავეს.

„ციხიდან შევძელი და ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. პირობა იყო, რომ ყველას გაათავისუფლებდნენ. მე არ გამათავისუფლეს. მოვხვდი შავი ზღვის უნივერსიტეტში. შემდეგ დამიმთავრდა სასჯელი და ხელმეორედ ისევ დამაკავეს, ამჯერად გამოგონილი ბრალდებებით. როდესაც მეორეჯერ დამაკავეს, შვიდ თვეში გვითხრეს, რომ მამაჩემს დენმა დაარტყა და გარდაცვლილი მოგვიყვანეს სახლში. ეს იყო 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული პოლიტიკაში მოსვლა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარ თავგასულობაზე იყო და ყველაფერს კადრულობდა.

ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატარეთ, მაგრამ დენის კვალი საერთოდ ტანზე არ აღენიშნებოდა მამაჩემს. ასე დაგვტოვეს განადგურებული ოჯახი. შვიდი წელი ციხეში გავატარე, მამა აღარ მყავს და მე ვარ ჩემი ოჯახის მეურვე.

დღეს ისევ ის საფრთხეა, ამას ვერასდროს დავივიწყებთ. ჩემი ოჯახი ახლა საფრთხეშია. გულწრფელად მინდა მოგიწოდოთ, შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხართ, მაგრამ საფრთხე არის, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა. არ მინდა ემოციებზე ვითამაშო, მაგრამ როდესაც 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანება მივიყენე და 36 ნაკერი დამადეს ხელსა და მუცელზე, ბაჩო ახალაიას მოადგილე შემთხვევით იყო იქ ციხეში, რომ გაიგო ეს ამბავი და მოვიდა და შენ წამალს იკეთებ და ციხის საავადმყოფოში არ გადაგიყვანთო. იქიდან მომიყვანეს ექიმი და ძალიან ცუდ პირობებში მოხდა ამ ნაკერების დამუშავება. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანე. უნდოდა, რომ თაობა გაეწყვიტა და ასეც აკეთებდა.

ჩემი კლასელი არის ქეთა ხარძიანი, გეცოდინებათ, მამა ჩაუცხრილეს, ყველაფერს კადრულობდნენ. ის პათოსი არის, რომ თქვენ ცდილობთ, არ დააბრუნოთ ეს ადამიანები. ერთად ვუთხრათ უარი ძალადობას“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. შეკრებილი საზოგადოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს აპროტესტებენ.

მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან გაიმართა.