გიორგი ზაქარაშვილი - საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის ტექნიკური საკითხები ერთობლივ კომიტეტზე განიხილება
გიორგი ზაქარაშვილი - საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის ტექნიკური საკითხები ერთობლივ კომიტეტზე განიხილება

საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო მონიტორინგის თემაზე შეთანხმების რეალიზაცია რეალურად დაწყებულია, საუბარია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური საკითხები ერთობლივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

„შეთანხმების რეალიზაცია რეალურად დაწყებულია. საუბარია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და შვეიცარიაში, ასევე ერთობლივად უნდა გადაწყდეს. შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივი კომიტეტი არსებობს, რომელმაც ტექნიკური საკითხები უნდა განიხილოს. იმედი გვაქვს, ამ კომიტეტის სხდომა იანვრის მეორე ნახევარში იქნება. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება უფრო ნათლად როდის და როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, კომიტეტის სხდომის ჩატარება აუცილებელია.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმაც და საქართველომ შესაბამისი თანხები გადარიცხეს და ვალდებულებები შეასრულეს კომპანია SGS-ის მიმართ, შესაბამისი ინსტრუმენტები შეიქმნა ფონდის და სხვა სახით. ამის შემდეგ ქართული მხარე აუცილებლობად მივიჩნევთ, რომ ერთობლივი კომიტეტის სხდომა ჩატარდეს, სადაც განიხილება საკითხები, რომელიც შეთანხმების შემდგომი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ყველაფერი ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა, რომელიც თბილისში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018“-ში მონაწილეობს.