გიორგი ყავლაშვილი - ნინო ნიჟარაძის მხრიდან სულ არსებობდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამია მაქინაციებში იყო გახვეული
გიორგი ყავლაშვილი - ნინო ნიჟარაძის მხრიდან სულ არსებობდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამია მაქინაციებში იყო გახვეული

ნინო ნიჟარაძის მხრიდან სულ არსებობდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამია, კომპანიის სახელოვან მენეჯერად რომ ასაღებს თავს, რაღაც მაქინაციებში იყო გახვეული, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.

„თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დოკუმენტებთან წვდომა გაგვიჩნდა, ეს უკვე აშკარა გახდა. საუბარი მაქვს შემოსავლების გენერირებაზე, რომელსაც „ინტერმედია“ ახდენდა თავისი ნება-სურვილის მიხედვით და აშკარად, კომპანიისთვის საზიანოდ. ჩვენი განცხადების შინაარსი პროკურატურის მიმართ სწორედ ეს გახლდათ, რომ ამ ადამიანის მოქმედება აღნიშნული მიმართულებით შესწავლილი იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ყავლაშვილის თქმით, გაუგებარია მხოლოდ ის, რატომ საუბრობს პროკურატურა 6 მილიონზე, როცა სავარაუდოდ, 30 მილიონს ეხება საქმე.

„ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არის ეს ციფრი 6 მილიონი, რადგან ჩვენი ვარაუდითა და ანგარიშით, სულ მცირე, 30 მილიონზე უნდა იყოს საუბარი. იმედი გვაქვს, გამოძიება მივა ამ ციფრამდეც და უფრო მეტამდეც. ჩემთვის ახალი იყო ინფორმაცია ბინების გადაფორმება-გადმოფორმებასთან დაკავშირებით. როგორც დღეს მოვუსმინე, ეს პატივცემული იძახდა, რომ ძალიან შორს არის კორუფციისგან, მაგრამ არის ფაქტები, რასაც ადამიანი ვერ გაექცევა. ასე რომ, გამოძიება დაადგენს. ახლა უკვე, მართლმსაჯულების სახით ფართო ასპარეზი აქვს და შეუძლია, თავი გაიმართლოს, საქმიან რეჟიმში გადაიყვანოს ეს საუბარი, რადგან, რასაც აქამდე მისი მხრიდან ვისმენთ, არის აპელირება, თითიქოს, ეს არის პოლიტიკური თემა, დაკვეთა“, – განაცხადა ყავლაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიასგან სალანძღავი სიტყვები და პოლიტიკური რიტორიკა ისმის.

„აგერ არის მტკიცებულებები და გავუგებთ სიმართლესაც და დანაშაულსაც“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით,  საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის , ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“-ის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას განცხადება  შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ  დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.