ბუნებრივია, მაღაროში პროცესების განახლება უკავშირდება გარკვეული ტექნიკური პროცესების შესწავლას, – ასე უპასუხა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როდის განახლდება ჭიათურაში ყველა მაღაროში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოები.
„პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რა მდგომარეობაა და რა სტატუსი აქვს დღეს ამ მაღაროებს. იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, მათი 70%, უკვე დიდი ხანია, არ მუშაობს, წყობიდან არის გამოსული სავენტილაციო სისტემა, წყალსაქაჩი სისტემები და ამ სტატუსის დასადგენად უნდა განხორციელდეს შესაბამისი საექსპერტო შესწავლა. თუ ამ ყველაფერმა ხელშეშლის გარეშე, ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა, პირველი მაღაროების ამუშავება იგეგმება დაახლოებით 20 მაისისთვის პერიოდში; შემდგომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში იგეგმება, რომ დანარჩენი მაღაროებიც ამუშავდეს და უკვე 2026 წლის პირველი იანვრისთვის, თუ ეს პროცესები, რაც მრავალკომპონენტიანია, შესრულდა და განხორციელდა სათანადო გეგმით, როგორც დღეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელს აქვს წარმოდგენილი, იგეგმება, რომ 2026 წლის იანვრისთვის საწარმო უნდა გავიდეს მოგებაზე, რაც ყველა ამ პრობლემას არსებითად გადაჭრის“, – განაცხადა ყავლაშვილმა.
მისი თქმით, თუ კომპანიას მუშაობის საშუალება არ ექნა და მან შემოსავალი ვერ მიიღო, მხოლოდ ხარჯების შემცირების ხარჯზე აბსოლუტურად წარმოუდგენელია კომპანიის მომგებიან მდგომარეობამდე გასვლა, რაც ყველა დანარჩენ პრობლემას წარმოშობს, რაზეც ამდენი ხანია, მხარეებს შორის არის საუბარი.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პრემიერთან არსებული სამმხრივი სამუშაო კომისიის და ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიური ჩართულობით, საწარმომ დაიწყო გამოსავლის ძიება, მათ შორის, კომპანიის ხელმძღვანელობის და სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობითაც, რომლებსაც კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა ესახებოდათ.
„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ერთი ასეთი კომპონენტი შემიძლია მოგახსენოთ. ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, რა გამოჩნდა, დავუშვათ, ისეთი, რამაც კომპანიას ახალი შესაძლებლობები დაანახა, გახლავთ ერთ-ერთი გარემოება, დაახლოებით 170-დან 200 ადამიანამდე გახლდათ დასაქმებული იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც კომპანიას ჰქონდა ჭიათურის დასუფთავებისთვის და სოფლების წყლის მომარაგებისთვის. ამ საკითხში ამ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და, სავარაუდოდ, ასე განხორციელდება, უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი გადაიბარებს ამ ფუნქციას, რაც კომპანიას, ბუნებრივია, ტვირთს შეუმსუბუქებს. იმიტომ, რომ მას მნიშვნელოვნად სჭირდება ამ სიტუაციაში თავისი ვალდებულებების და ტვირთის შემსუბუქება. ის ადამიანები დასაქმდებიან, უბრალოდ, დამსაქმებელი ამ სიტუაციაში შეიცვლება, თორემ, ბუნებრივია, ეს ფუნქციები ვიღაცამ უნდა განახორციელოს და, თავისთავად ცხადია, სხვა ადამიანების შერჩევას, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრებით, მუნიციპალიტეტი არ დაიწყებს. სახელმწიფო ჩართულობით ძალიან ბევრ კომპონენტში გამოინახა რაღაც გამოსავალი, რამაც კომპანიას გაუჩინა უკვე იმის შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ არა თუ მაღაროების მუშაობა განახლდეს, არამედ საწარმო 2026 წლის იანვრის თვეში მომგებიანიც გახდეს“, – განაცხადა ყავლაშვილმა.
„ძალიან მიმძიმს თვითონ ამ ფაქტზე საუბარი. პირველ რიგში, როგორიც არ უნდა იყოს კომპანიის თუ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან სხვადასხვა კუთხით დანახული პრობლემატიკა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადიოდეს პიროვნების წინააღმდეგ და მისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. როგორ შეიძლება, პროვოცირება დავარქვათ იმას, როდესაც ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად, გაუსწორდნენ ქვებით, დაზიანებული და გატეხილი აქვს ძვალი, დღეს ჩაუტარდა ოპერაცია და მეტსაც გეტყვით, მეც არ ვყოფილვარ იქ ადგილზე და მეც ეთერის საშუალებით მოვისმინე არაერთი ადამიანის მოწოდება, მუქარა თუ რა დავარქვათ, არ ვიცი, ვინც აქ მოვა, მსგავს დაზიანებას მიიღებსო. აღარ მინდა, იმ ლექსიკით გავიმეორო, როგორც ემუქრებოდნენ იქ იმ ადამიანებს, ვინც გაბედავდა და იმ ტერიტორიაზე მივიდოდა. ისიც პროვოცირება იყო, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებდნენ? ეს ძალიან ცუდია და არ შეუწყობს ხელს არანაირად ამ პროცესის დარეგულირებას“, – განაცხადა ყავლაშვილმა.
როგორც ადვოკატმა ასევე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ალბათ მაღაროელებსაც უნდათ სამუშაო პროცესის განახლება, მაგრამ ამ პირობებში, ასეთი დაპირისპირების, ასეთი რადიკალური მოქმედებების, განცხადებების და ისეთი პერსპექტივის დანახვის ფონზე, რომ კომპანიამ დათმოს ლიცენზია და სახელმწიფომ გადაიბაროს, ეს არ შეიძლება, რაციონალურ წინადადებად იქნეს განხილული.
