გიორგი წულაია - ფეროშენადნობთა ქარხანა ექსპორტზე 500 მილიონი ლარის საქონელს ყიდის, ზესტაფონის ბიუჯეტი კი, 19 მილიონი ლარია
ზესტაფონში ერთი პრობლემაა – ფეროშენადნობთა ქარხანა ექსპორტზე 500 მილიონი ლარის საქონელს ყიდის, ზესტაფონის ბიუჯეტი კი, 19 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა „თავისუფალი საქართველოდან“, გიორგი წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.
„აქედან ექვს მილიონამდეა ტრანსფერი. ამაზე დიდი პრობლემა რა არის?! ზუსტად ესაა პრობლემების სათავე და ზესტაფონელებს რაც არ უნდა მოვუყვე, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთთქო, ეს ზღაპარი იქნება და მეტი არაფერი. მე კი, ნამდვილად არ მინდა, ზესტაფონელებს ზღაპარი ვაკადრო. ეს არის სისულელე და მარაზმი“, – განაცხადა წულაიამ.
მისი თქმით, თვითმმართველობას თვითმმართველობა მხოლოდ სახელად ჰქვია, სინამდვილეში კი ეს ბუტაფორიაა, რადგან მას ქონება და შემოსავალი არ გააჩნია.
„აი, ეს არის ნომერ პირველი საბრძოლველი. მე ამ ბრძოლაში ვიყავი, ვარ, ვიქნები ჩაბმული და ბრძოლას გავაგრძელებ ზესტაფონელებთან ერთად. ამის განხორციელებას ვაპირებ საკანონმდებლო ინიციატივებით, საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა პარტიებთან და სხვა ქალაქებთან მუშაობით. საბოლოოდ, ცენტრალურ ხელისუფლებას ცენტრალურ გზას გადავუკეტავ და ზეწოლას ასე მოვახდენ, რომ ყველას და მათ შორის, რეგიონების მიმართ ასეთი მათხოვრული მიდგომა დამთავრდეს“, – განაცხადა წულაიამ.
წულაიამ ასევე აღნიშნა, რომ სოფელ სვირში ეკონომიკის სამინისტრომ საძოვრები გაყიდა, რაც სოფელს დიდ პრობლემას უქმნის, რადგან სოფელს განვითარებისთვის ტყე, საძოვრები და მიწა უნდა, რომ ადგილზე ჩამბარებელი და გადამამუშავებელი პუნქტი გაკეთდეს.
მისივე თქმით, მიუღებელია, როცა ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივებს ტყიდან წაქცეული ხის გამოტანისთვის აჯარიმებს, როდესაც ეკოლოგიის მინისტრი სოფელ საზანოს მკვიდრებს გაყიდული კარიერიდან მცირე რაოდენობით ღორღის ამოღებისთვის აჯარიმებს და ა.შ.
„ორი მეშოკი ღორღისთვის რომ აჯარიმებ ადამიანს, ამისთვის იმ მინისტრს თავი უნდა არახუნებინო ზესტაფონში, აბა, რა უნდა ქნა?! მე ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს“, – განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს.
„სოფელ სვირში ჩამოსულია სასაზღვროს უფროსის მოადგილე მამუკა კუკავა, რომელიც დარბის და მოსახლეობას აშინებს-აშანტაჟებს; ასევე ჩამოსულია სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსის მოადგილე ბესო ჯუღელი. ისიც დარბის და მოსახლეობას აშანტაჟებს. სახელმწიფო დაცვის ორი თანამშრომელიც მიწერია, მაგრამ მათ ვინაობას არ ვიტყვი, რადგან მამამისს ახლოს ვიცნობ, ნაქეიფარი ვარ მასთან და იმდენად უზრდელი და თავხედი არ ვარ, რომ ვთქვა. ჩამოსულია სამხარეოს უფროსი დიასამიძე და მისი ძმა ზაზა დიასამიძე, რომელიც ასევე დარბის და აშანტაჟებს. მამუკა კუკავა მამამისის საფლავზე არ ჩამოსულა აღდგომას და ახლა რომ ხუთი დღე იქაა, არ მითხრას ახლა, რომ დასასვენებლადაა ჩამოსული“, – განაცხადა გიორგი წულაიამ.