გიორგი წოწკოლაური - კორეის რესპუბლიკიდან მიღებული 20 ათასი ტესტი „ოქროს სტანდარტისაა“ და მაღალი ხარისხით გამოირჩევა
გიორგი წოწკოლაური - კორეის რესპუბლიკიდან მიღებული 20 ათასი ტესტი „ოქროს სტანდარტისაა“ და მაღალი ხარისხით გამოირჩევა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და „საქართველოს ბანკს“ დახმარებისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ტესტები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო, მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ კორეის რესპუბლიკიდან მიიღო 20 ათასი „პისიარ“ ტესტი . მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტესტები არის „ოქროს სტანდარტის“ ტესტები, თან გამოირჩევიან მაღალი ხარისხით.

ამ ტესტების მიღებაში მნიშვნელოვანი დახმარება გამოგვიცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კონკრეტულად კორეაში ჩვენმა საელჩომ. მადლობა ამისთვის. საგულისხმოა, ისიც რომ ამ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „საქართველოს ბანკმა“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო. აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.