გიორგი წოწკოლაური - დივერსიფიცირებული გვაქვს, რომ ანაზღაურება 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვაწყდებით პრობლემას, როცა თვითონ ადამიანს არ უნდა მოცემულ მომენტში დასაქმება
გიორგი წოწკოლაური - დივერსიფიცირებული გვაქვს, რომ ანაზღაურება 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვაწყდებით პრობლემას, როცა თვითონ ადამიანს არ უნდა მოცემულ მომენტში დასაქმება

მერწმუნეთ, მოცემული მომენტისთვის გვაქვს ვაკანტური ადგილები და დივერსიფიცირებული გვაქვს, რომ ანაზღაურება 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვაწყდებით პრობლემას, როცა თვითონ ადამიანს არ უნდა მოცემულ მომენტში დასაქმება, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ახლაც, მოცემულ მომენტში, ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, 2 000-მდე ვაკანსიაა დაფიქსირებული. სოციალური პაკეტის მიღების დროს, როცა ოჯახის დეკლარაციის შევსება ხდება, იქვე მითითებულია, რომ მას ქულა არ მიენიჭება, თუ worknet.gov.ge-ზე არ დარეგისტრირდება. ანუ, იდენტიფიცირებას თავიდანვე ვაკეთებთ, რომ ის უმუშევარია და ვალდებულებას ვიღებთ, დავასაქმოთ. შესაბამისად, ვუგზავნით შეტყობინებებს, ვაკითხავთ და ვაცნობთ პრაქტიკას, როგორ შეიძლება დასაქმება; ვთავაზობთ, რომელ პროფტექნიკურ სასწავლებელში შეიძლება მისი განაწილება, რა პროფესიული თვისებებით და ა.შ. არსებობს ბაზრის კვლევები, სად მეტი მოთხოვნაა, მაგრამ მერწმუნეთ, მოცემული მომენტისთვის, ჯერჯერობით, გვიჭირს.

ვფიქრობ, ჩვენი ამ გაჭირვების ერთ-ერთი ინდექსი, რომ ადამიანი მოვიყვანოთ, რეალურად გადავამზადოთ და დავასაქმოთ, არის ის, რომ ამ მოცემული მომენტისთვის, შეთავაზებები მათთვის ლიმიტირებული არ არის. მოქალაქეს ათჯერაც რომ შევთავაზოთ და უარი გვითხრას, ეს მის სოციალურ მდგომარეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. შესაძლებელია, ვიფიქროთ იმ კუთხით, რომ ამას გარკვეული ლიმიტი მივცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, ამაზე ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. უბრალოდ, ვართ ფიქრისა და დაკვირვების რეჟიმში, რომ ეს ჩვენი მხრიდან მოქალაქეებისადმი ხისტი მიდგომა არ იყოს“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

მისი თქმით, იწყება გადამზადების მეორე ტალღა და ოქტომბრიდან კიდევ 1 500 ადამიანი გადამზადდება.

წოწკოლაურმა ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდებთან მიმართებაში საჭიროა ძალიან აქტიური საინფორმაციო ველის გახსნა და მათი დაინტერესება. 

„რა თქმა უნდა, ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ; სპეციალურად ვაკეთებთ ხოლმე შეთავაზებებს სასწავლებლებში – იქნება ეს პროფსასწავლებლები, თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვიწვევთ მათ და ვუფორმებთ ხელშეკრულებებს; გვაქვს ასევე შრომის ფორუმები, სადაც მრავალი კომპანიაა წარმოდგენილი ვაკანტური ადგილებით. მოგვყავს ზუსტად ეს სამიზნე ჯგუფი და ვაცნობთ, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც მათზეა დამოკიდებული ინტერესის მიღება. ჩვენ ამ მოცემულ ეტაპზე ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს არასაკმარისია, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. შესაძლებელია, ინფორმაციული ველი კიდევ უფრო გავშალოთ“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება, რადგან არსებული მეთოდოლოგია რეალობის აღსაწერად აშკარად არ არის ადეკვატური და ქვეყანაში უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომ კრიტერიუმების გადასახედად მზადაა, მაგრამ აღნიშნულ საკითხს ასე კრიტიკულად ვერ მიუდგება.

„ამ კუთხით ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, გვექნება შედეგი“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, მუშაობს თუ არა სამინისტრო სტრატეგიაზე, რომ საქართველოში წლების წინ დამკვიდრებული, შრომის უსაფრთხოების მოშლილი სისტემა ფუნდამენტურად გადაისინჯოს, წოწკოლაურმა განაცხადა, რომ ამ სისტემური პრობლემის აღმოფხვრა დაწყებულია.

„გადავხედოთ, სად ვიყავით და ახლა სად ვართ. დღესაც აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად და ძალიან ღრმად ვართ ჩაფლული ამ სიტუაციაში. ძალიან მალე, საკანონმდებლო ინიციატივებით შესვლას ვგეგმავთ, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება მეტად დავხვეწოთ და შრომის ინსპექციის მუშაობისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ამ თემით აქტუალურად ვართ დაკავებული და მერწმუნეთ, ამას საზოგადოება და ბიზნესსექტორი რამდენიმე თვეში იგრძნობს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სიხისტეზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, რაც ბიზნესსექტორს ერთგვარად, ხელს შეუშლის. ვიწყებთ ბიზნესსექტორიდან მოწოდებული კადრების გადამზადებით და სათანადოდ მომზადების გეგმით. ეს პროექტით იქნება გაწერილი და ძალიან მალე გაცხადდება“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.