გიორგი წიტაიშვილმა ოდესიდან ევაკუაციაზე ისაუბრა - ყველაზე მეტად უკრაინელებს მხარს პოლონელები და ქართველები უჭერენ #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ოდესიდან ევაკუაციაზე ისაუბრა - ყველაზე მეტად უკრაინელებს მხარს პოლონელები და ქართველები უჭერენ #1TVSPORT

პოლონურმა გამოცემა „ინტერიამ“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი წიტაიშვილს – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ისაუბრა უკრაინიდან ევაკუაციაზე, „ვისლაში“ გადასვლაზე, ცნობილ მამაზე.

„კიევის „დინამოდან“ კრაკოვის „ვისლაში“ იჯარით გადასული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებს უნდა დაეხმაროს. იგი მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა უკრაინას, თამაშობდა ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში და უკრაინელებისადმი სოლიდარობის უდიდესი სურვილი გააჩნია.

გიორგი წიტაიშვილი: – „ვისლაში“ ჩარიცხვისთანავე სადებიუტო მატჩი სწრაფად ჩავატარე. „გურნიკთან“ შეხვედრამდე გუნდთან მხოლოდ რამდენიმეჯერ ვივარჯიშე და თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ გულშემატკივრების მხარდაჭერა და სტადიონზე ატმოსფერო ძალიან მომეწონა.

– ფიზიკურად როგორ ფორმაში ხარ?

– ბოლო დროს მხოლოდ ნაკრებში ვითამაშე. ამიტომ ახლა ვარ ჩემი ჩვეული მდგომარეობის დაახლოებით 80 პროცენტს თუ ვაჩვენებ, ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვარ. კიდევ ერთი თამაში და ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს.

– ვინ გირჩიათ „ვისლა“? საქართველოს ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ვინც ექსტრაკლასას იცნობს – ვალერიან გვილია, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კაკაბაძე…

– მათ ველაპარაკე, მაგრამ ჩემს ტრანსფერში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ტომაშ კეძიორამ შეასრულა, რომელიც ახლა პოზნანისლეხში“ თამაშობს. ის დამიკავშირდა და ვისაუბრეთ. მითხრა, რომ „ვისლას“ ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი და რომ ეს არის ძალიან კარგი კლუბი მდიდარი ისტორიით. ახლა ვხედავ, რომ ეს მართლია და მიხარია, რომ ამ გუნდს შევუერთდი.

– უკრაინის ომის დაწყებისას მთელი პოლონეთი ღელავდა კენძიორას გამო, როცა ის ვენიამინ ვერბიჩთან ერთად კიევიდან გამოსვლას ცდილობდა.

– ისინი ჩემი მეგობრები არიან – მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა. ვცადე ოდესის დატოვება, რისთვისაც სამი დღე დამჭირდა, მაგრამ 28 თებერვალს საქართველოში ჩასვლა მოვახერხე. ომის დაწყებამ სწორედ ოდესაში მიმისწრო. დაიწყო რამდენიმე ჭურვის და რაკეტის გასროლით, მაგრამ ახლა იქ ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

– მართალია, რომ „დინამოდან“ „ვისლაში“ შენს იჯარაზე ნებართვა პირადად იგორ სურკისს სთხოვე?

– დიახ და სამი დღის შემდეგ სურკისმა მითხრა, კარგი, შეგიძლია წახვიდე. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი საუბარი და მოხარული ვარ, რომ შევთანხმდით. ის ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია. 11 წლის ვიყავი, როცა კიევის „დინამოს“ აკადემიაში რომ ჩავირიცხე, ყოველთვის მხარში მედგა და მეხმარებოდა. მას ვენდობი, რადგან ჩემთვის მეორე მამასავით არის.

– მაშ, საიდან მოდიოდა წინააღმდეგობები თქვენს იჯარაზე?

– „დინამო“ ახლა ატარებს ამხანაგურ მატჩებს და უნდოდათ, რომ დავრჩენილიყავი და მეც მეთამაშა. მე კი ძალიან მინდოდა ქულებზე თამაში და არა ამხანაგურებში მონაწილეობა. ბოლოს სურკისმა ჩემი სურვილი გაითვალისწინა.

– რამდენად განსხვავდებით მამის საფეხბურთო სტილისგან? კობა წიტაიშვილი ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.

– მამაჩემი სხვა ტიპის მოთამაშე იყო – ტიპური თავდამსხმელი, ძლიერი, მეგოლე, მაგრამ მას ჩემნაირი დრიბლინგი არ ჰქონდა (იცინის). ის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი და ყოველთვის ცდილობს მელაპარაკოს იმაზე, თუ როგორ უნდა ვითამაშო იქ, სადაც შეცდომებს ვუშვებ.

– არ გაშინებთ, რომ პოლონური ექსტრაკლასა რთული ადგილია დრიბლინგის მქონე ტექნიკური მოთამაშეებისთვის? აქ ბევრს უჭირდა თამაშის ამ სტილით, ფიზიკური ორთაბრძოლებით სავსე ლიგაში.

– რთული ლიგაა, მაგრამ უკრაინის ლიგაც მსგავსია. ის ამ ბოლო დროს ცოტა შეიცვალა. რა თქმა უნდა, დრიბლიორისთვის ასეთ პირობებში ადვილი არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა და შანსია. მე მაქვს დიდი მოტივაცია, ვაჩვენო საკუთარი თავი, რათა ხალხმა დაინახოს, რისი გაკეთება შემიძლია. დრიბლინგი არც ისე რთულია, თუ ფიზიკურად მზად ხარ. ექსტრაკლასა კი კარგი ლიგაა, მე ვიტყოდი, დაუფასებელი მსოფლიოში. როდესაც ვხედავ ამ სტადიონებს, თამაშის ხარისხს, ვფიქრობ, რომ აქ მართლაც დიდი პოტენციალია. „ვისლა“ შესანიშნავი გუნდია დიდი ისტორიით. ბოლო ორი სეზონი სუსტად ჩაატარა, მაგრამ გუნდს გვაქვს მოტივაცია და კლასი, რომ ცხრილში მაღლა ვიყოთ. რაც მთავარია, ჯერ კიდევ არის დრო, ვითარება რომ შევცვალოთ.

– პოლონეთი, ალბათ, კარგად გახსენდებათ, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში გამარჯვება ლოძის სტადიონზე იზეიმეთ.

– მართალია. ასევე ძალიან კარგი მოგონებები მაქვს პოლონელ გულშემატკივრებთან. პოლონელები მხარს გვიჭერდნენ, როცა უკრაინის ნაკრებში ვთამაშობდი და ახლაც გვგულშემატკივრობენ, როცა ომი დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მეტად უკრაინელებს მხარს პოლონელები და ქართველები უჭერენ. ეს არ მიკვირს, რადგან ადგილობრივებს ვიცნობ. ძალიან მომწონს პოლონური მენტალიტეტი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ვფიქრობ, როგორ დავეხმარო აქ მყოფ უკრაინელ ხალხს. ვიცი, რომ ომს გამოქცეული ბევრი დედა ჩამოვიდა, შვილები რომ გადაერჩინათ და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. მე უკვე 10 წელია უკრაინაში ვცხოვრობ, ამიტომ ახლა ჩემი მისიაა, რომ მათ დავეხმარო, როგორც შემიძლია. მე ყველაფერს გავაკეთებ.

– გქონდათ თუ არა შესაძლებლობა გაცნობოდით ამ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ „ვისლას“ ბაზაზე? მათ შორის ახალგაზრდა დინამოელებიც იყვნენ.

– მე უკვე ვილაპარაკე და მინდა მათ ვესტუმრო. ხელცარიელი ნამდვილად არ მივალ.

– გაგიჭირდათ თუ არა ეროვნული ნაკრების შეცვლა? 21-წლამდელებამდე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდი, საბოლოოდ კი საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში გადაწყვიტე.

– რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან უკრაინელებს ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ვუყვარდი, როგორც ფეხბურთელი. მეც მიყვარს ეს ქვეყანა, 10 წელი ვიცხოვრე, მაგრამ ბაბუა ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. აი, საიდან მოვდივარ, სადაა ჩემი ფესვები. ბაბუის სურვილის ასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებ. მისი გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა. ქართველი ვარ და უკრაინელებიც ჩემში ქართველს ხედავენ და არა – უკრაინელს.

– დღევანდელ რთულ ომში გაჟღენთილ დროში ბევრი ქართველი უკრაინას უჭერს მხარს და მის მხარეს იბრძვის.

– საქართველოდან მართლაც ბევრი ადამიანი წავიდა, რათა უკრაინას დახმარებოდნენ. როდესაც საქართველოში კონფლიქტი იყო, პირველები უკრაინელები დაგვეხმარნენ. ახლა ჩვენი მისიაა, გაჭირვებულ უკრაინელებს დავეხმაროთ“.