გიორგი წიკლაური - სახელმწიფო ექიმს და კლინიკას თუ არ გააკონტროლებს, პაციენტთა უფლებები ვერ იქნება დაცული
გიორგი წიკლაური - სახელმწიფო ექიმს და კლინიკას თუ არ გააკონტროლებს, პაციენტთა უფლებები ვერ იქნება დაცული

სახელმწიფო ექიმს და კლინიკას თუ არ გააკონტროლებს, პაციენტთა უფლებები ვერ იქნება დაცული, – ამის შესახებ დაზარალებულმა პაციენტმა, გიორგი წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამიტომ, ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება მკაცრი რეგულაციები. ჩემ შემთხვევაში, ორჯერ ორი ოთხი იყო. კლინიკას ადგილზე არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, ექიმი პროფესიონალურად ვერ მოქმედებდა და ერთადერთი, რაც მას ჰქონდა, ამპარტავნება იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ყველაფერი შეიძლებოდა, ფატალურად დასრულებულიყო. იმიტომ კი არა, რომ მე კონკრეტული დაავადება მჭირდა, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა იყო ბევრ ეტაპზე. პრობლემა ჰქონდა კლინიკას, პრობლემა ჰქონდა ექიმს და პრობლემა აქვს სახელწიფოს. თუ ყველა ეს პრობლემა ერთად არ მოგვარდა, ვფიქრობ, იგივე შემთხვევები განმეორდება, რაც ჩვენ ქვეყანაში ბოლო დროს, რატომღაც, უამრავია“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

ამ განცხადებით გიორგი წიკლაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად დაიცავს გამკაცრებული რეგულაციები პაციენტთა უფლებებს და ხედავს თუ არა ის ამის საჭიროებას.

დაზარალებულმა პაციენტმა საქართველოში არასწორად დასმული დიაგნოზის და მისი შედეგების შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოში მკურნალობის ეტაპი ორ კლინიკაში გავიარე. პირველად მაშინ, როცა მაღალმა სიცხემ შემაწუხა. სასწრაფომ ინგოროყვას კლინიკაში მიმიყვანა, სადაც ძირითადი გამოკვლევები ჩაატარეს და ეჭვი სისხლის დაავადებაზე მიიტანეს. მითხრეს, რომ ჰემატოლოგიურ კლინიკაში უნდა გადავეყვანე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან არც ვიცოდი, ჰემატოლოგია რას შეისწავლიდა. გადამიყვანეს დიღომში არსებულ კლინიკა „ნეომედში“, სადაც მკურნალობა წარიმართა. იმ მომენტში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

მისი თქმით, კლინიკაში დაიწყო კვლევა და ექიმებმა ეჭვი იმ დაავადებაზე მიიტანეს, რა განხრის კლინიკაც იყო.

„ეჭვი მიიტანეს ლეიკემიაზე, შემდეგ ეს დიაგნოზი დაადასტურეს და დაწერეს. ამ დიაგნოზის დამადასტურებელი უამრავი ფორმა 100 მაქვს, სხვადასხვა დღეს დაწერილი და ბეჭედდასმული“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ის ამ დიაგნოზის გადამოწმებას არ აპირებდა და მკურნალობის საქართველოში ჩატარებას ფიქრობდა, მაგრამ თანამშრომლებმა ურჩიეს, ანალიზები საზღვარგარეთ გაეგზავნა და გამოკვლევებიც იქ გაეკეთებინა.

„ანალიზების გადაგზავნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს ძალიან დიდ პერიოდს მოიცავდა, ექიმი კი ამდენ დროს არ მაძლევდა და მეუბნებოდა, თუ ქიმიოთერაპიას დროულად არ დავიწყებთ, შეიძლება, ყველაფერი ცუდად განვითარდეს და ფატალურად დამთავრდესო. ჩემი თანამშრომლების მხრიდან შეთავაზების შემდეგ, ჩემმა ოჯახმა უცხოეთში კლინიკის ძიება დაიწყო და ყველაზე ახლო კლინიკა მოვიძიეთ თურქეთში, სადაც ჩემი გადაყვანა კლინიკა „ნეომედში“ დაწოლიდან მეთერთმეტე დღეს მოხდა. იქ ხელახლა ჩამიტარეს გამოკვლევა და ფაქტობრივად, მესამე დღეს მითხრეს, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი ახლოსაც არ იყო იმ დაავადებასთან, რაც მქონდა. ლეიკემიის სიმპტომები ფაქტობრივად, ნული იყო“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.