საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესებიდან გამომდინარეა აკრძალული და ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესებიდან გამომდინარეა აკრძალული და ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი, რომ, რიკოთის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდება.

როგორც გიორგი წერეთელი ამბობს, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების საშიშროებიდან გამომდინარე მიიღეს.

„უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა რიკოთის დროებით დაკეტვა, ვინაიდან 149-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა. შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ამ ეტაპზე, რიკოთის მაგივრად, მოძრაობა ხორციელდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე. ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გეგმურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, მოძრაობა შეზღუდულად მიმდინარეობს, რისთვისაც მოსახლეობას, მგზავრებსა და მძღოლებს ბოდიშს ვუხდით“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებაა, სპეციალისტები მუშაობენ.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალისტების – გეოლოგების, გეოტექნიკოსების, შესაბამისი ინჟინრების მიერ კვლევით-საძიებო სამუშაოები და შესწავლა, რა ხდება და მომავალში რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე აღდგეს სატრანსპორტო მოძრაობა. თავის დროზე, როდესაც დაიგეგმა რიკოთის უღელტეხილის მშენებლობა, გეოლოგიურად შესწავლილია აღნიშნული მონაკვეთი და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება დაიდო. აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობის მიმდინარეობისას განვითარდა მეწყრულო პროცესი.  ყველა გვირაბთან, ყველა ხიდთან ყოველთვის მიმდინარეობს მონიტორინგი. სწორედ მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ განვითარდა მეწყრული პროცესები. ამიტომ არის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ველოდებით შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.