გიორგი წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიულ გზაზე
გიორგი წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიულ გზაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიულ გზაზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სომხეთში პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

„მივიღე ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომის შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს მის დემოკრატიულ გზაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს სიმშივიდისკენ და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ სომხეთის მოსახლეობის ინტერესებში“, – წერს წერეთელი.

სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.

ერევანში პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობდა.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).