გიორგი ვოლსკი - ყველა მხარემ, მათ შორის ჭირისუფლებმაც, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდონ
ქუჩების გადაკეტვა გარკვეულ დაძაბულობას ქმნის და აფერმკრთალებს მართლაც იმ დიდ უბედურებას, რომელიც ამ ოჯახებს თავს დაატყდათ, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ პირველ არხთან საუბრისას გააკეთა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ახლა ყველა მხარე, მათ შორის ჭირისუფლებიც, გამოძიების პროცესში უნდა ჩაერთონ და შესაბამის სტრუქტურებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდონ.
„ახლა უნდა მოვუწოდოთ მშობლებს, ჭირისუფლებს, რომ არ გააგრძელონ ის გზა, ის მცდარი გზა, რაზედაც დააყენა გარკვეულმა პოლიტიკურმა გუნდმა და სრულად ჩაერთონ იმ პროცესებში, რასაც ჰქვია გამოძიება. ვფიქრობ, მათაც გააჩნიათ გარკვეული ინფორმაცია, ასევე, ბატონ ზაზა სარალიძესაც, რომელიც საუბრობდა, რომ არ უნდა კიდევ რაღაც სამაგიეროს გადახდისთვის სისხლი დაიღვაროს. ვისი სისხლის დაღვრაზეა ლაპარაკი, ვინ არიან ბავშვები და ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც რაღაც ინფორმაციას ატარებენ. ეს არის დიდი მასალა, დიდი ინფორმაცია, მოსაზრებები, რომლებიც ემოციების გარეშე უნდა მიაწოდონ იმ სტრუქტურებს, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.