გიორგი ვოლსკი - ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი-ორი რეკომენდაცია არ გავითვალისწინეთ
გიორგი ვოლსკი - ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი-ორი რეკომენდაცია არ გავითვალისწინეთ

ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი-ორი რეკომენდაცია არ გავითვალისწინეთ, თორემ დანარჩენი გავითვალისწინეთ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„მაგალითად, მოსამართლის შერჩევის დროს გამოცდა ამოვიღეთ. თუმცა, მე პირადად, ამის წინააღმდეგი ვიყავი; გავითვალისწინეთ ის, რომ რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ ახალი ხალხი და ახალი სისხლი გვინდა, ვერ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვთქვათ, წლოვანების ცენზი უნდა გაიზარდოს, რადგან იგივე ხალხი მოვა და სისტემაში ახალი სახეები აღარ გამოჩნდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი ეს დებატები იმდენად ჩახლართულ თემად ჩამოყალიბდა, რომ საზოგადოებას ძალიან უჭირს გარკვევა, რეალურად რა ხდება.

„აქედან გამომდინარეობს ჩემი სურვილი, რომ პოზიცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება, უფრო ნათელი იყოს. პირველი რეალური მოცემულობა არის ის, რომ სასამართლო ფაქტიურად, არ არსებობდა. იქ არ იყო არც პიროვნებები და არც არაფერი. ერთი პიროვნება იყო მხოლოდ, რამდენიმე თანაშემწე ჰყავდა და ეს იყო მთელი სასამართლო. 2012 წლის შემდეგ სასამართლო გამოვიდა იმ პირობებიდან და ფაქტიურად, გაასამართლა „ნაციონალური მოძრაობა. ის, ვინც სასამართლოს ჯიბეში იდებდა, ზეწოლას ახდენდა, თუ თავის ჭკუაზე ატარებდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ფარდის მიღმა, რასაც ოპონენტები ამბობენ, არის პროცესები, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეხება.

„ჩვენი პარტიისთვის, მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, სახელმწიფოს ზარალი არ მიადგეს, არ აირიოს სიტუაცია და არ მოხდეს ისეთი სტრესი, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ. წარმოიდგინეთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აპროტესტებს კომისიის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში, შემდეგ იმ სამკაციან პალატაში, რომელსაც მერე ცალკე დაარქმევენ მოსყიდულს და ცალკე დაასხამენ ლაფს; იმასაც არ ჩაუთვლიან, ის დაბრუნდება, ვინც მის ადგილას უკვე არჩეულია, იმასაც პრეტენზია ექნება და წარმოგიდგენიათ, ზოგადად სასამართლო სისტემაში რა მოხდება, ამ ხაზს რომ გავყვეთ?!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.