გია ვოლსკი - ვენეციის კომისია შენიშვნას თუ აკეთებს სამთავრობო დოკუმენტის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ თითს გვიქნევს
გია ვოლსკი - ვენეციის კომისია შენიშვნას თუ აკეთებს სამთავრობო დოკუმენტის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ თითს გვიქნევს

ვენეციის კომისია შენიშვნას თუ აკეთებს სამთავრობო დოკუმენტის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ თითს გვიქნევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუ ვენეციის კომისია შენიშვნას აკეთებს სამთავრობო დოკუმენტის მიმართ, ვთქვათ, გამოცდების, ინტერესთა კონფლიქტის თემაზე, ან საკადრო შევსების საკითხებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითს გვიქნევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცდილობს, ეს სიტუაცია სწორი სამართლებრივი გზით მოაგვაროს და რაციონალურ გზაზე გაგვიყვანოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, როდესაც სასწორზე დევს პოლიტიკური გუნდების ორი პოზიცია, ვენეციის კომისიის დოკუმენტი ცდილობს, ისეთ ხაზზე გაიაროს, რომ დაძაბულობა თავიდან იყოს არიდებული.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყოს, არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს სხვა კანდიდატის კენჭისყრაში, ან გამოკითხვაში, რადგან ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება და დიდი ალბათობით, ამაზე ხელისუფლების თანხმობა იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ იყოს, მაგრამ პირადად მას კითხვის ნიშნები რჩება. 

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, ვინ ქმნის კრიტიკის დღის წესრიგს არსებულ დაპირისპირებაში, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, საერთაშორისო ველზე ინფორმაციის გასვლას, შეფასებით ნაწილში, მნიშვნელოვანწილად, არასამთავრობო ორგანიზაციები განაპირობებენ.

„ბევრ ადგილას ეს გასული ინფორმაცია ასეა მოხსენიებული – არის ინფორმაცია, რომ საქართველოში ეს ხდება. ინფორმაციის წყარო არის არასამთავრობო ორგანიზაცია. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ იღებს გრანტებს, რომ იყოს მაქსიმალურად კრიტიკული. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა გაითვალისწინო. საერთოდ, არსებობს მთავარი ფორმულა, რომელსაც ყველა აღიარებს და არ გასცდება. ეს ფორმულა არის შემდეგი – იყავი მაქსიმალურად კრიტიკული, მაგრამ ზოგიერთი ისეთ თემებშია გამოჭერილი, სადაც არა თუ სიმართლეს სცილდება, არამედ აშკარად ეტყობა პოლიტიკური ინტერესი.“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.