გიორგი ვოლსკი - გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არარეალურია
გიორგი ვოლსკი - გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არარეალურია

დღევანდელი ქართული რეალობისთვის შერეული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე მისაღები, ვიდრე პროპორციული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ევროპაში, ასევე ისრაელში განვითარებული მოვლენები, პროპორციული არჩევნების გამო თვეობით უმთავრობოდ დარჩენილი ევროპული ქვეყნები, დადასტურებაა იმისა, რომ კრიზისი გარდაუვალია ასეთი პარტნიორების პირობებში, ოპოზიცია მყავს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ბევრ ქვეყანაში შექმნა პრობლემა და შედეგად, იტალიელები დაბრუნდნენ ისევ შერეულ სისტემაზე. ისრაელშიც კრიზისი პროპორციული სისტემის გამოა, ასევე ამ სისტემამ მოლდოვაში მოიტანა კრიზისი.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, არარეალურია ოპოზიციის მოთხოვნა ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, რადგან მისივე განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, არ შეესაბამება კონსტიტუციას, ასევე ამ მოდელით „დიდი აფიორის“ ჩატარება შეიძლება, რის საფუძველზეც მაჟორიტარულის მოგებაც შეიძლება და პროპორციულისაც. შესაბამისად, შესაძლებელია გაცილებით მეტი ხალხის შეყვანა პარლამენტში და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც.

„ეს ძალიან კარგად იცის ბოკერიამ, უსუფაშვილმა, მაგრამ თვითონ ამ სისტემის შეთავაზება უკვე არის დადასტურება, შეფარული მიზანი იმისათვის, რათა რევოლუციური სცენარი განავითარონ და არავითარი დიალოგისთვის არ იყვნენ მზად, არც პროპორციულზე. ამ თემას ავითარებდნენ, რათა არც პროპორციულში, არც შერეულში, არც გერმანულში თუ ავსტრალიურში. არანაირი შანსი არ აქვთ წინ წასვლის იმაზე მეტად, რაც აქვთ. იმაზე ნაკლები ექნება. სწორედაც გააანალიზეს სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ვოლსკი ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც არის ეუთო/ოდირის შენიშვნები. მისივე თქმით, შექმნილია კომისიაც, რომელმაც უნდა განიხილოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები.

„არსებობს წინადადება, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ქაოსსა და არეულობას. უნდა შევიდეთ პარლამენტში, ვიმუშაოთ და ვისაც მუშაობა არ უნდა, იმათ თავისი სიმართლით საკუთარი ქვეყნის წინაშე გააგრძელონ ცხოვრება. იმ ხალხს კი, ვინც აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ, ორჯერ, ათასჯერ ავუხსნათ სიტუაცია, ველაპარაკოთ და გავაგებინოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ სისტემა, რომელსაც გვთავაზობენ, არათუ არ შეესაბამება კონსტიტუციას, არამედ არის უსამართლო იმ პირობებში, რა პოლიტიკური სპექტრიც არის დღეს პოლიტიკურ ველზე. ამ თემაზე ჩვენი შეთანხმება რომც მოხდეს, ვერ მოხდება სტაბილიზაცია, რადგან მანიპულაციაც შესაძლებელია, მით უმეტეს, ასეთ პირობებში. საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვს ამ კანონს იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა მისცეს ხმა ადამიანებს პროპორციულ სიაში და შეიძლება, არცერთი იქ არ იხილონ, რადგან მაჟორიტარებმა გაიმარჯვონ გვერდზე. ეს თუ სამართლიანი ჰგონია ვინმეს, მანდ მეპარება ეჭვი. იციან, რომ ასეა, მაინც ამას ითხოვენ. ვფიქრობ, ასეთი განვითარება არის ერთადერთი – რევოლუციური გზა. ნუ აყვებით ამ გზას, ნუ დაანგრევთ ჯერ კიდევ მყიფე სტაბილურობას, რასაც ამ ბოლო წლებში მივაღწიეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.