გიორგი ვოლსკი -დავით კირკიტაძე ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებს
მთავარი პრინციპული მიმართულება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვება, არ არის მხოლოდ დესტაბილიზაციის მცდელობა, მათი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო სტრუქტურების დათრგუნვა და დემორალიზება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კონკრეტული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც აღნიშნულ ფუნქციას ასრულებენ.
გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ დავით კირკიტაძე სწორედ ერთ-ერთი ასეთი რგოლის ხელმძღვანელია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ადამიანები, ვინც ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას. ვფიქრობ, დავით კირკიტაძე ამ ფუნქციის შემსრულებელია. ის არის ერთ-ერთი რგოლის ხელმძღვანელი. რა ბრალდებას წაუყენებენ და როგორ დამთავრდება ეს, არ ვიცი. პასუხი იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ, ვინც ოთხ პარლამენტარ ქალბატონს თავს დაესხა და შვილების დედებს უკიდურესად ბინძური სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. ეს ის ჯგუფი იყო, რომელთა შორის არის კირკიტაძე. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ზონდერ ჯგუფებს დემორალიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციისკენ მიუძღვის წინ. ჩანს, რომ არანაირი მშვიდობიანი აქცია არ იყო დაგეგმილი. ამ აქციას ერთადერთი სახელი აქვს, ეს არის რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი ქადაგებს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დღეს კახეთში დააკავეს. სავარაუდოდ კირკიტაძის დაკავება გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა