გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და პარტნიორობის მაღალი ხარისხი
გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და პარტნიორობის მაღალი ხარისხი

კონდოლიზა რაისმა რომც არ თქვას, ყველამ იცის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება დამოკიდებულია ქვეყანაზე, მის მმართველობასა და რაც მთავარია, საზოგადოებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიმართ მხარდაჭერასა და პარტნიორობის გაღრმავებას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს და ეს პროგრესი იმდენად ნათელია, რომ დამატებითი კომენტარები მხოლოდ შექების თვალსაზრისით თუ იქნება განხილული და მადლობელი ვართ, როგორც კონდოლიზა რაისის, რომელიც საქართველოს საკითხებით ინტენსიურად იყო დაკავებული, ასევე ყველა იმ კონგრესმენის, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას და პარტნიორობის იმ მაღალ ხარისხს, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

აშშ-ის ორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო და სტივენ უომაკო დღეს სოციალურ ქსელში საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავს გამოეხმაურნენ. როგორც სტივენ უომაკმა აღნიშნა, აშშ-მა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას. ჯონ კატკოს განცხადებით: „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება“.