გიორგი ვაშაძისა და აქციაზე დაკავებული კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გადაიდო
გიორგი ვაშაძისა და აქციაზე დაკავებული კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გადაიდო

გუშინდელ აქციაზე დაკავებული გიორგი ვაშაძისა და კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.

სამართალდამრღვევებად ცნობილი პირების ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა და განაცხადეს, რომ კოდექსის ის მუხლები, რომლითაც მათ ედავებიან, არაკონსტიტუციურია და საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.

შუამდგომლობაში დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები არაკონსტიტუციურია, რაზეც სახალხო დამცველსა და არაერთ ორგანიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილი აქვთ სარჩელი ამ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.

ადვოკატის თქმით, ეს გარემოება ნიშნავს იმას, რომ მუხლების კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას.

„თუ საქმის მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას, საქმე უნდა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნოს. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ დასაბუთება, რომ ეს მუხლები შესაძლებელია არაკონსტიტუციური იყოს. სასამართლომ ითხოვა ვადა და შუამდგომლობაზე გვეტყვის პასუხს 17 დეკემბერს. სასამართლო იმედია, დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, ამ საქმეებს გადააგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ მუხლები არაკონსტიტუციურია, საქმე შეწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განხილვა გაგრძელდება”, – განაცხადა ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ.

ექვსი პირის საქმის განხილვა 17 დეკემბერს, 14:00 საათზე გადაიდო. ამ დროისთვის სასამართლოში გუშინ, აქციაზე დაკავებული კიდევ ოთხი პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.