გიორგი ვაშაძემ ანა ბუჩუკურს მიმართა - ძალიან გინდათ, განსხვავებულობა აჩვენოთ, მაგრამ ამას აჩვენებთ, თუ ბევრს ივლით ხალხთან და თქვენი ლიდერი არ იქნება სახლში გამოკეტილი
გიორგი ვაშაძემ ანა ბუჩუკურს მიმართა - ძალიან გინდათ, განსხვავებულობა აჩვენოთ, მაგრამ ამას აჩვენებთ, თუ ბევრს ივლით ხალხთან და თქვენი ლიდერი არ იქნება სახლში გამოკეტილი

ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ხელს მოაწერს კონტრაქტს რუსულ ინტერესებთან თანამშრომლობაზე, გარანტიას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან ვინმეს გადაბირების შანსი არ არსებობს და ვერც იარსებებს, – ამის შესახებ სტრატეგია „აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ „არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა დეპუტატმა მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტის მავნებლურ გადაწყვეტილებას.“

„ბორელის ვიზიტს „ქართულმა ოცნებამ“ უკან მიაყოლა ორი რამ – იმპიჩმენტს და ამ აბსურდულ პროცესს ჯიუტად აგრძელებს. ამით უნდა, რომ ევროკავშირს დეკემბერში საბოლოო „არა“ გამოსძალოს. რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ხელს მოაწერს კონტრაქტს რუსულ ინტერესებთან თანამშრომლობაზე, რასაც დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ატარებს. ყველაფერი ძალიან მარტივია – პატარა ბავშვი არცერთი დეპუტატი არ არის – მიმეჭირა, მომეჭირა, გამეჭირა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვა. გარანტიას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან ვინმეს გადაბირების შანსი არ არსებობს და ვერც იარსებებს. ანა ბუჩუკურს ვეტყვი – ძალიან გინდათ გამოკვეთოთ, რომ თქვენი ადგილი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ეს ადგილი უნდა გამოკვეთოთ საქმის კეთებით, ხალხთან ურთიერთობით და არა ოპოზიციონერ კოლეგებთან ასეთი კინკლაობით. მათ ამ კინკლაობაში არ მივყვები, ეს განცხადება იმდენად სასაცილოა. მინდა, ანა ბუჩუკურს და მის თანაგუნდელებს ღიმილით ვუთხრა – ძალიან გინდათ, რომ თქვენი განსხვავებულობა აჩვენოთ, მაგრამ ამით განსხვავებულობას ვერ აჩვენებთ. აჩვენებენ, თუ ბევრს ივლიან ხალხთან და მათი ლიდერი უფრო მეტს ჩამოართმევს ხელს მოქალაქეებს და არ იქნება სახლში გამოკეტილი“, – განაცხადა ვაშაძემ.