გიორგი ვაშაძე - ყველაზე უკმაყოფილო დღეს არის „ქართული ოცნება“, ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო და ამას ვერ მიაღწიეს
გიორგი ვაშაძე - ყველაზე უკმაყოფილო დღეს არის „ქართული ოცნება“, ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო და ამას ვერ მიაღწიეს

საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე, ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ „ქართულ ოცნებას“, ან ევროკავშირი და დასავლეთი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ქვეყნისთვის.

„ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი.

დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, პირდაპირ თქვა, რომ სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი – როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, რათა ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. ჩამოწერილია ყველა საკითხი, 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ჯერი არის ქართველ ხალხზე. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება, ა ბატონო, შენ ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა საქართველოში, ახლა ჯერი ჩვენზეა.

საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“, ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო ჩვენ და ამას ვერ მიაღწიეს. ეს გზავნილი ევროპის მხრიდან არის ქართველი ხალხისთვის, გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი გვინდა.

მთავრობა გადაგდება მაშინ, როცა ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება და ხალხი თავის არჩევანს მკაფიოდ, მთელი მსოფლიოს წინაშე დააფიქსირებს. ვიდრე ხალხი არ შეიკრიბება ერთად და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ დავიცვათ, მანამდე მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი დასავლური პერსპექტივა ბოლომდე ფეხქვეშ გათელოს და ჩაგვაბაროს რუსეთს. 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი