გიორგი ვაშაძე - წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის, თუ იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით მუქარა, გამოიძიონ
გიორგი ვაშაძე - წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის, თუ იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით მუქარა, გამოიძიონ

მუქარის ფაქტები თუ არსებობს, აუცილებლად უნდა გამოიძიონ, – ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, ზურაბიშვილსა და მის შვილებს ემუქრებიან.

ამასთან, ვაშაძის თქმით, „ძალა ერთობაშია“ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.

„ამ ქალბატონის მთავარი პრობლემაა ის, მან თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება, მთავარსარდალი იყოს. არ ვიცი რაზე საუბრობს. თუ არის მიწერ-მოწერა აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. აღვნიშნავ, რომ იგივე ძალადობის ფაქტზე, ახალქალაქში არაფერი მომხდარა ჯერ, ჩვენი შტაბის წევრებზე ძალადობას ვგულისხმობ. ამ განცხადებაზე კი, რაღაც სიუჟეტის შექმნას შეეცდება „ქართული ოცნება“. ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის. თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გამოიძიონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.